გამოკითხულთა 69,6% მიიჩნევს, რომ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის კარტელური შეთანხმებაა

ნავთობის ფასი ბოლო ორწლიან პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

გასული კვირის ბოლოს, მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 82-84 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. საერთო ჯამში, მსოფლიო ბაზარზე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ნავთობის ფასმა დაახლოებით მეოთხედით დაიკლო. საქართველოს ბაზარზე კი საწვავი უმნიშვნელოდ გაიაფდა.

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს საზოგადოება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, Bpn.ge-მ თავის მკითხველებს გამოკითხვა შესთავაზა. შეკითხვა ასეთი იყო - როგორ ფიქრობთ, რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფების ფონზე?

Bpn.ge-ს მონაცემებით, გამოკითხულთა 69,6 %-ს მიაჩნია, რომ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის არსებობს ფასზე კარტელური შეთანხმება; 29, 7%-ის აზრით, ხელისუფლება არ ცდილობს აღკვეთოს ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია და მხოლოდ 0,7% -ს მიაჩნია, რომ საქართველოში საწვავის შემოტანა ნავთობკომპანიებს ძვირი უჯდებათ.