გერმანიის მრეწველთა ასოციაცია საქართველოთი გერმანელი ბიზნესმენების დაინტერესებას ხელს შეუწყობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გერმანიის მრეწველთა აღმოსავლეთ ევროპის ასოციაციის პრეზიდენტს, მარკუს ფელსნერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გერმანიის მრეწველთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში გერმანული ბიზნესით დაინტერესებას. "აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანება, როგორც გერმანული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანება, დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით. ჩვენ მზად ვართ გერმანულ ბინზესს გავაცნოთ საქართველოს შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სხვა მიმართულებით", - აღნიშნა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის მრეწველთა აღმოსავლეთ ევროპის ასოციაციის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის თაობაზე, და გააცნო მათ საინვესტიციო პოტენციალი და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდგომ უცხოური ინვესტიციისთვის გახსნილი შესაძლებლობები.

გერმანიაში ოფიციალურ პირებთან მინისტრის შეხვედრების დროს აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოში დიდი გერმანული ბიზნესდელეგაციის სტუმრობით. საქართველოს ასევე ეწვევა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრი.