დავით ნარმანია: ჩამოვიდნენ ბიზნესჯგუფები, რომლებსაც ინვესტიციის განხორციელება სურთ

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში ჩამოვიდნენ ბიზნესჯგუფები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება სურთ, მათ შორის, ძირითადი ინტერესის სფერო იყო თბილისი.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველო მასპინძლობდა საკმაოდ მნიშვნელოვან დელეგაციას ისრაელიდან და გაიმართა ღონისძიებები ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვან ურთიერთობებთან დაკავშირებით.

"ჩატარდა კულტურულ-ეკონომიკური ღონისძიებები, მათ შორის, ბიზნესფორუმი, რომელშიც ჩვენც ვიყავით ჩართულები, დაინტერესებული ბიზნესჯგუფები ჩამოვიდნენ, რომელსაც საქართველოში სურთ ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის ძირითადი ინტერესის სფერო იყო თბილისი. ხუთ ძირითად პროექტზე იქნა შეთანხმება მიღწეული. ორი არის სასტუმროს პროექტი, ორი გადამამუშავებელი ინდუსტრიის პროექტი და ერთი მაღალტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.