ოქროს შენადნობის წარმოების მოცულობა შემცირდა

2011 წლიდან ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის შენადნობების წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამის შესახებ ექსპერტთა კლუბმა საქართველოში ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების დარგში არსებული პრობლემების განხილვისას ისაუბრა.

კომპანია ”არემჯის” მონაცემებით, 2011-2013 წლებში ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის შენადნობების წარმოებაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, სულ, 470 მლნ. ლარი შეადგინა. თუმა, კომპანიის ინფორმაციით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები გრძელვადიან პერიოდში აქტიური საინვესტიციო საქმიანობის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა. წარმოების მოცულობა ერთის მხრივ, მადანში ოქროს შემცველობის საგრძნობი კლებით, მეორეს მხრივ კი წარმოების მასშტაბის გაფართოების ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორებითაა გამოწვეული.

როგორც ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოში ოქროს მოპოვების დარგის განვითარების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ”საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ” და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” გამართა.