აფთიაქებში რეალიზაცია 25%-ით შემცირდა

რეცეპტების სისტემამ განსაკუთრებით არაბრენდირებული ფარმაცევტული ობიექტები დააზარალა

რეცეპტების შემოღებამ აფთიაქებს რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრებით არაბრენდირებულ აფთიაქებს უჭირთ. სექტემბრიდან დღემდე, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რეალიზაცია 25%-ით შემცირდა. 1-ლი სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რეცეპტების სისტემა ძალაშია, ამ ტიპის აფთიაქებში მომხმარებლის დეფიციტია. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ფსიქოტროპული ფარმაცევტული ობიექტები, რასაც ბოლო დროის სტატისტიკაც ადასტურებს.

არსებული მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი 75%-ით შემცირდა. ეს, ერთი მხრივ, კონტროლის, ხოლო, მეორე მხრივ, რეცეპტების შემოღების შედეგია. განსხვავებული მდგომარეობაა მსხვილ სააფთიაქო ქსელებში, სადაც აცხადებენ, რომ რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ და რეცეპტების შემოღებას ამ მხრივ ვითარება არ შეუცვლია.

”სახალხო აფთიაქში” განმარტავენ, რომ რეცეპტების შემოღებას მედიკამენტების გაყიდვაზე გავლენა არსებითად არ მოუხდენია და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

”თავდაპირველად მომხმარებელი დაბნეული იყო, გაურკვევლობა იგრძნობოდა, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. მყიდველი მოწესრიგებული მოდის, მან იცის, თუ რა სჭირდება, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ მომხმარებელი უკმაყოფილოა, რადგან არ აღმოჩნდა ცვლილებებისთვის მზად და მობილიზება უჭირს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ბევრი არ არის. მთლიანობაში, ნორმალური სიტუაციაა, სტატისტიკური მონაცემების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. მთავარია, გაუარესება არ არის”, - განუცხადეს ”რეზონანსს” ”სახალხო აფთიაქში”.

ანალოგიური მდგომარეობაა ”ჯიპისიშიც”. სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთა შეფასებით, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და მომხმარებელი ჩვეულ აქტიურობას ამჯერადაც ინარჩუნებს. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა არაბრენდირებულ აფთიაქებში. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის დირექტორმა ლანა საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ფარმაცევტული ბიზნესისთვის ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია და ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ ეს სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა.

”მომხმარებელი ნაკლებად აქტიურობს, ვიდრე რეცეპტების შემოღებამდე იყო. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაბნეულები არიან. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენი განსასჯელი არ არის, ალბათ, სწორი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ მოგვცა. პირადად ჩვენს ბიზნესში ბევრი პრობლემაა. პირველ რიგში, ეს მედიკამენტების რეალიზაციაზე აისახება. შემოდგომის პირველ თვეებში თავსატეხი არ გვაკლია. გაყიდვა 25%-ით შეგვიმცირდა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაჭირი, არაბრენდირებული აფთიაქების უმრავლესობა დაზარალდა. მიუხედავად ამისა, იმედიანად ვართ და მდგომარეობის გამოსწორებას ველოდებით. ვფიქრობთ, 6 თვე მაინც გვჭირდება, რომ ტენდენცია გამოიკვეთოს. რეცეპტების შემოღება სწორი იყო თუ არა, მოგვიანებით გაირკვევა”,- ამბობს აფთიაქის მფლობელი.

მომხმარებლის სიმცირეს ”ემ ფარმაშიც” უჩივიან. ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლის თქმით, მედიკამენტების გაყიდვამ საგრძნობლად იკლო, რაც უშუალო რეცეპტებს უკავშირდება.

”პრობლემაა იმ მხრივ, რომ მომხმარებელი ბოლომდე არ არის გარკვეული ახალ რეგულაციაში და მოუმზადებელი მოდის. მართალია, მათ უმრავლესობას რეცეპტი თან აქვს ხოლმე, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ამას ვერ ახერხებს და უკმაყოფილოა. ზოგიც მორჩილად იღებს რჩევას, ზოგი - აპროტესტებს. მთლიანობაში ამ პროცესის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რაც ბუნებრივია. ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული თავისი მოვალეობა, ამისთვის დრო სჭირდება”,- ამბობს აფთიაქის თანამშრომელი.

სააფთიაქო ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს მომზადებული შეხვდა, თადარიგი რეცეპტის შემოღებამდე დაიჭირა და რეცეპტით გასაცემი წამლები სექტემბრამდე მოიმარაგა.

”ანტიბიოტიკები, დამამშვიდებლები და რამდენიმე ფსიქოტროპული მედიკამენტი რეცეპტის შემოღებამდე შევიძინე. ამან პრობლემა მომიგვარა, რადგან ექიმებთან სირბილი არ მიწევს და საჭირო წამალიც სახლში მეგულება. მთელი 1 წლის სამყოფი მოვიმარაგე. მართალია, თანხის ერთბაშად დახარჯვა დამჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, მოგებული დავრჩი”, - ამბობს 38 წლის მედეა ხარჩილავა.

”დიდი მცდელობის მიუხედავად, ყველა საჭირო წამალი რეცეპტის შემოღებამდე ვერ ვიყიდე. რაც ყველაზე მეტად მჭირდება, ორიოდე დასახელების მედიკამენტი მოვიმარაგე. ოჯახის ბიუჯეტიდან გამომდინარე, მეტი ვერ შევძელი. ცხადია, ამან პრობლემა შემიქმნა.

ჩემი მეუღლე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს. თითქმის ყოველ 2 თვეში მომიწევს ექიმთან რეცეპტის გამოსაწერად კონსულტაციის გავლა, რაც დამატებით 40 ლარი მიჯდება. იმის მაგიერ, რომ შვება მეგრძნო, ფიზიკურად და ფინანსურადაც დავზარალდი. ამ ყველაფერს დრო, ენერგია და თანხა სჭირდება, რისთვისაც მზად არ ვარ. ექიმს, მაქსიმუმ 1,5 თვის მედიკამენტის გამოწერა შეუძლია, ჩემი მდგომარეობისთვის ეს არანაირი შეღავათი არ არის, რადგან მედიკამენტის ყიდვა უწყვეტად გვიწევს”, - ამბობს მარიკა მაისურაძე, უკმაყოფილო მომხმარებელი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”