პროექტ ”ბიზნესინკუბატორის” პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროექტ ”ბიზნესინკუბატორის” პრეზენტაცია გამართა.

როგორც პროექტის მენეჯერი, ქეთევენ გოგიტიძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, “ბიზნესინკუბატორის” იდეის პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არსებობს, მაგრამ საქართველოში ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა: ”საქართველოს სივრცეში ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა. პროექტის ფარგლებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებზე სწავლობენ, განახორციელონ თავისი ბიზნეს იდეები”.

მისივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანი ბიზნესიდეების მქონე ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობაა, რათა მათ გაიკვალონ გზა დიდი ბიზნესისკენ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ერთი წლის განმავლობაში სპეციალურად შერჩეული ახალგაზრდები უფასოდ ისარგებლებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეთავაზებული ინფრასტრუქტურით და მიიღებენ გამოცდილი და გავლენიანი ექსპერტების რჩევებს.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებით, გაგზავნონ ბიზნესიდეები და გახდნენ ბიზნესინკუბატორის რეზიდენტები.