11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევები გამოვლინდა

11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევები გამოვლინდა.

როგორც რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაჭარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს 11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში. მათ შორის სამ აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების გაცემისა და აღრიცხვის წესების დარღვევა და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა #3 რეცეპტის გარეშე გაცემა გამოვლინდა, 7 დაწესებულებაში, მხოლოდ მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, ხოლო 1 დაწესებულებაში სამკურნალო საშუალებების შენახვის პირობების დარღვევა.

დავით მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში მუშაობის დასრულებისთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგება, რომლებიც განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნება.

რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, სამართალდარღვევების რაოდენობის გამოვლენა კონტროლის ღონისძიებების ზრდით აიხსნება. მისივე თქმით, აღნიშნული 11 დაწესებულება სააგენტოს თანამშრომლების მიერ შეირჩა, რადგან არსებობდა ეჭვი უკანონო მიმოქცევის შესახებ. დავით მაჭარაშვილის თქმით, მათ შორის, ე.წ. ქსელური აფთიაქები არ არიან.