ქართული კომპანიები ჩინეთის სასმელებისა და კვებითი მრეწველობის გამოფენაში მონაწილეობენ

ჩინეთის სასმელებისა და კვებითი მრეწველობის პრესტიჟულ გამოფენაში The 15th Western China International fair ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ჩენგდუს გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მასშტაბური პოპულარიზაცია. გამოფენაში The 15th Western China International fair 72 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 400 000-ს აღემატება, საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 20,000-ზე მეტია.

23-26 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული სტენდის ფარგლებში "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ხელშეწყობით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წვენების, წყლის და ასევე კვების მრეწველობაში მოქმედი კომპანიები, კერძოდ: "კულა", "მარნეულის სასურსათო ქარხანა", "წყალი მარგებელი". ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი ღვინის კომპანიები: "მეღვინეობა ხარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა" "შატო მუხრანი" "ს.ს. ბაგრატიონი 1882", "კახური ღვინის მარანი", "ქინძმარაულის მარანი" და "ქიმერიონი".