ტურისტულმა კომპანიებმა შესაძლოა, ჯგუფური ვიზები გამარტივებული წესით გასცენ

შესაძლოა, ტურისტულ კომპანიებს მიეცეთ აკრედიტაცია, რათა მათ გამარტივებული სახით ჯგუფური ვიზები გასცენ იმ ქვეყნის ტურისტებზე, რომლებსაც საქართველოში შემოსვლისთვის ვიზები სჭირდებათ.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, ტურისტებთან დაკავშირებით ვიზების ნაწილში დღეს არსებული კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალურია, ვიდრე აქამდე იყო. მისივე თქმით, უმეტესი ქვეყნები მოხვედრილია უვიზო რეჟიმში.

"თუ მანამდე საზღვარზე გაიცემოდა ვიზები, დღეს ვიზები საზღვარზეც აღარ არის საჭირო. რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, რომლებთანაც ნამდვილად არის ვიზა მოთხოვნილი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ დაიხვეწოს როგორც ელექტრონული ვიზების ნაწილი, ასევე გვაქვს ახალი ინიციატივა, მოხდეს ტურისტული კომპანიების აკრედიტაცია, რომ ტურისტებს მიეცეთ გამარტივებული სახით ჯგუფური ვიზების აღების შესაძლებლობა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურისტული სააგენტოების აკრედიტაციის შემუშავების პროცესი. მომზადებულია პირველი დრაფტი და გადაგზავნილია შიდა შემუშავებაში. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა და მათ ეს შემუშავებული დრაფტი უკვე გააცნეს.