სურსათის სააგენტომ იმერეთში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ გეგუთში მდებარე ღია სააქციო საზოგადოება "აკორდ ჯორჯიას" სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოჩნდა, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა "ფორმა #2" არ ახლდა. მათივე ინფორმაციით, "აკორდ ჯორჯია" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც აღნიშნული კომპანია საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის" შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ვეტერინარული მოწმობა "ფორმა#2-ის" გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის კი კომპანია, ასევე, 1000 ლარით დაჯარიმდა.