ფრანგი სომელიე "თამადას" ბრენდის ღვინოებს დააგემოვნებს

მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე "თამადას" ბრენდის ქვეშ წარმოებულ ღვინოებს დააგემოვნებს.

2010 წლის მსოფლიოს პირველი სომელიე საქართველოს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის და ღვინო "თამადას" მოწვევით ესტუმრა. ამასთან დაკავშირებით დღეს ლაუნჯ-ბარ "ფუნიკულიორში" ჟერარდ ბასემ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ცნობილი სომელიეს ჩამოსვლის მიზანს ქართული ღვინისა და ტრადიციების გაცნობა, ტრადიციული ღვინის ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამება და ღვინის მოყვარულებისთვის რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს.

ჟერარდ ბასე საქართველოში პირველად იმყოფება. კომპანია GWS-თან ერთად ის ოთხ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში ტურს ჩაატარებს. ოთხივე ქვეყანაში ადგილობრივ შეფ-მზარეულებთან ერთად შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც ექსკლუზიურად ღვინო "თამადას" გემოვნურ თვისებებს ერგება.