საქართველო Business Brilliance Award-ის ცერემონიას მასპინძლობს

გლობალური ღონისძიებებისა და კორპორატიული ტრენინგების პროვაიდერი ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) საქართველოში Business Brilliance Award-ის ცერემონიას მასპინძლობს.

საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კონფერენცია მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის თემაზე მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები მოისმენენ მსოფლიო დონის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების გამოცდილი ექსპერტების მასტერკლასებს და გაეცნობიან უახლოეს ტენდენციებს მარკეტინგის სფეროში.

კონფერენციაზე წარმოდგენილია პრეზენტაციები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებიდან: Microsoft, Greenwich Willage PR, Bupa, UNICEF.  ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ხათუნა ელეცკიხის განცხადებით, ღონისძიების მიზანია მარკეტინგისა და პიარის ფუნქციები იყოს მიღებული უფრო სტრატეგიულ დონეზე ბიზნესის განვითარებისთვის.

ორგანიზატორებმა წელს პირველად ჩართეს რეგიონული ბიზნესი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თუმცა, ძირითადი დატვირთვა საქართველოზე მოდის და კომპანიების 90 პროცენტი საქართველოდან არის წარმოდგენილი. "გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამი წლის წინ, როცა საქართველო საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, ეკონომიკა იზრდებოდა. როგორც რეგიონი - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო საკმაოდ საინტერესოა იმ მხრივ, რომ არის მზარდი ეკონომიკა. შესაბამისად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იმის საჭიროება არის, ექსპერტები ჩამოგვეყვანა და გამოცდილება გაგვეზიარებინა პირველ რიგში საქართველოსთვის", - განაცხადა ხათუნა ელეცკიხმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა იზრდება, ბაზარზე შემოდიან საერთაშორისო კომპანიები, ინვესტიციები იზრდება და რეალურად საქართველოში არსებულ რესურსს ესაჭიროება ის ექსპერტიზა და ინფორმაცია, რაც შეუძლია კონფერენციის სპიკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივებს გაუზიარონ.

კონფერენციის ბოლოს გაიმართება Business Brilliance Award-ის დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც ჟიურის წევრები, რომელთა შორის არიან Microsoft-ის, BBC-ის, Google-ის, Royal Philips Electronics-ის წარმომადგენლები გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენენ.

Business Brilliance Award-ის გენერალური მედია პარტნიორია "პალიტრა მედია".