პოპ-კორნში ნაპოვნი ფული

ბატიბუტის მოსამზადებელი აპარატის მუშაობისთვის ელექტროენერგიის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20 ლარია.

ქუჩაში, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებში, ხშირად შეხვდებით მცირე ზომის აპარატებს, რომლებშიც პოპკორნი მზადდება. განსაკუთრებით მრავლადაა ეს აპარატები მიწიქვეშა გადასასვლელებში, მეტროსადგურებთან ახლოს, სკოლების მახლობლად. დღესასწაულების გარდა, როცა რეალიზატორები მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფასებსაც ზრდიან, ერთი ჭიქა ”პოპკორნი” 5-10 თეთრი ღირს.

Bpn.ge დაინტერესდა, ვის ეკუთვნის ეს აპარატები, რა პროცედურების გავლაა მათ განსათავსებლად საჭირო და რაც მთავარია, მოაქვს თუ არა მოგება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ბატიბუტის ბიზნესს? რეალური სურათის მისაღებად bpn.ge-მ თბილისის მასშტაბით რამდენიმე ასეთი ბიზნესობიექტი მოინახულა.

როგორც წესი, აღნიშნული აპარატების მფლობელები მცირე ან მიკრო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. მაგალითად, ბატიბუტის აპარატი ხშირად გვხვდება ნაყინის აპარატის, ან ასლის გადასაღები მოწყობილობის გვერდით, ასევე მცირე საკონდიტროებისა და მაღაზიების გვერდით. თუ პირი მცირე ან მიკრო ბიზნესს აწარმოებს, მას შეუძლია ”პოპკორნი” დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია კერძო მესაკუთრეს არ ეკუთვნის და მერიის საკუთრებაა, ნებართვის გარეშე აპარატის დადგმა ვერ მოხდება. ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც კერძო ბინის წინ, ფაქტობრივად, საკუთარ ეზოში უდგას აპარატი, აღნიშნავს, რომ ადრე ქუჩაში ედგა მოწყობილობა, შემდეგ კი, მერიამ ნებართვა გააუქმა და მფლობელმა აპარატი კერძო მესაკუთრის სივრცეში განათავსა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ნებართვის ასაღებად მხოლოდ განაცხადის შეტანაა საჭირო. მერია განიხილავს განაცხადს და დადებით ან უარყოფით პასუხს გაუგზავნის ადრესატს. ”პოპკორნის” მოსამზადებელი აპარატის ფასი განსხვავდება ხარისხისა და სიმძლავრის მიხედვით. როგორც გავარკვიეთ, ქუჩებში ძირითადად 250- 300 ლარად ღირებულ მოწყობილობებს შეხვდებით. ბატიბუტის მოსამზადებელი აპარატის მუშაობისთვის ელექტროენერგიის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20 ლარია.

გამყიდველები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ამ აპარატების მფლობელებიც არიან, არ ასახელებენ, კონკრეტულად რამდენია მათი ბიზნესის წარმოებისას გაწეული ხარჯი და მოგება, თუმცა ამბობენ, რომ სწავლის პერიოდი განსაკუთრებით შემოსავლიანია. ერთ-ერთი გამყიდველის ინფორმაციით, თუ დღეში 5 კგ. სიმინდისგან წარმოებული ბატიბუტი გაყიდა, მოგებაზე გადის თუ არადა, მხოლოდ ხარჯებს დაფარავს. როგორც გავარკვიეთ, 2 კგ. ბატიბუტისგან პოპკორნის დასამზადებლად დაახლოებით 3-5 სუფრის კოვზი მარილი და ამდენივე ზეთია საჭირო.

დღეს, ბაზარზე საბატიბუტე 1 კგ. სიმინდის ფასი 2, 50- 3, 50 ლარის ფარგლებში მერყეობს. 1კგ. საბატიბუტე სიმინდისგან კი დაახლოებით 6 ლარის ღირებულების ”პოპკორნის” მიღებაა შესაძლებელი. თუ სხვა მცირე ხარჯებსაც გავითვალისწინებთ, იქნება ეს შესაფუთი პაკეტისა თუ პოლიეთილენის პარკის ღირებულება, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ეს თითქოსდა შეუმჩნეველი ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია.

თამარ კორკოტაშვილი