გიორგი კვირიკაშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა

მსოფლიო ბანკის კვლევაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის შესახებ საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კვლევასთან დაკავშირებით განმარტებები მსოფლიო ბანკის მხრიდან გაკეთდება.  "შეიცვალა მეთოდოლოგია, იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მიმართვები კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწასთან დაკავშირებით. მთელი რიგი კრიტერიუმებისა სხვაგვარად ჩამოყალიბდა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს რეიტინგი მნიშვნელონად არ შეცვლილა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო იმავე კრიტერიუმების შკალაზეა, რომელზეც შარშან იყო.

"უნდა ითქვას, ისიც რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საქმიან გეგმასთან მიმართებაში, რომელიც თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ეხება, გათვალისწინებული გვაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტის დანერგვა. ღიად უნდა ვთქვათ, ეს გამოიწვევს გარკვეულ ცვლილელებს, როგორც Doing business-ში, ასევე სხვა რეიტინგებში. ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები უარყოფითი მიმართულებით, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული რხევები იყოს. ეს ძალიან ბუნებრივია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველოს ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია. კვლევის "ბიზნესის წარმოება 2015: ეფექტიანობაზე მეტი" მიხედვით, საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. შარშან ბიზნესის წარმოების სიმარტივით, საქართველოს მე-14 ადგილი ეკავა - 2014 წლის ბიზნესის წარმოების კვლევის (DB2014): მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ 2014 წლის მონაცემების ხელახალი გადაანგარიშების შედეგად (ე.წ. "ხელახალი გადაანგარიშება") ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში მიღებული ადგილი არის 14.