საქართველოში 80 ტონამდე ბრინჯი  მოიყვანეს

ბრინჯის მწარმოებელი კომპანია ”ზანა აგრო” ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს.

წელს 10 ჰექტარ ტერიტორიაზე კომპანია ”ზანა აგრომ” 80 ტონამდე ბრინჯის მოსავალი აიღო. კომპანია ასევე ხორბლის, სოიოს, ქერის, შვრიის გარკვეული ჯიშების დათესვას და მათი აგრარული პერსპექტივის შეფასებას გეგმავს. იმის გასარკვევად, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას და რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს კომპანიის საქმიანობის პროცესში, bpn.ge კომპანია ”ზანა აგროს” დირექტორს ესაუბრა.

კომპანია ”ზანა აგრო” აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელმაც 2012 წელს დაიწყო საქმიანობა. ამავე წელს კომპანიამ ტრადიციული კულტურები - სიმინდი და სოიო მოიყვანა. ეს იყო ერთგვარი ტესტი, რის შემდეგაც კომპანიამ ბრინჯის წარმოება დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, საკვები ბრინჯის წარმოება კომპანიის საქმიანობის უკვე დაგეგმილი პერსპექტივაა, რომელიც დამუშავებულია მარკეტინგულად და ტექნოლოგიურად, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონკრეტულ წარმოებას - უკვე განხორციელდა ე.წ. ტესტური დათესვა, 2012 წელს 12 ჰექტარზე რამდენიმე სახეობის საცდელი ჯიში დაითესა. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა - კომპანიამ 8 ტონამდე მოსავალი აიღო.

კომპანიის დირექტორის, კახა მალანიას თქმით, ამ ეტაპზე ბრინჯის წარმოების მასშტაბის გაზრდა და საბოლოო პროდუქტის - საკვები ბრინჯის წარმოება დამოკიდებულია ბრინჯის გადამამუშავებელი საწარმოს და წამოების სრული კომპლექსის მშენებლობაზე. ”ჩვენ შეგვექმნა გადამამუშავებელი კომპლექსის განთავსების პრობლემა. არსებული სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საწარმოს განთავსება ჩვენს მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ეტაპზე არ არის კომპანიის მფლობელობაში. არსებული კანონმდებლობა, დღეის მონაცემებით, ითვალისწინებს გარკვეულ ბარიერებს მიწის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენი და საკვები ბრინჯის წარმოების პერსპაქტივა და ვადებიც დამოკიდებულია ამ პრობლემის გადაჭრაზე: ჩვენთვის აუცილებელია სახელმწიფოსგან განხორციელდეს კონკრეტული ტერიტორიის შესყიდვა, სადაც მოხდება გადამამუშავებელი კომპლექსის მოწყობა”,- აღნიშნავს კახა მალანია.

მისი თქმით, ბრინჯი კომპანიისთვის წამყვანი, მაგრამ არა ერთადერთი კულტურაა. იგეგმება ხორბლის, სოიოს, ქერის, შვრიის გარკვეული ჯიშების ტესტირება და მათი აგრარული პერსპექტივის შეფასება. სავარაუდოა ასევე, ბოსტნეულის დათესვაც. თუმცა, კომპანიის სურვილია შეიქმნას იმპორტის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლების პრეცენდენტი, თუნდაც ერთი კულტურის შემთხვევაში. რაც შეეხება კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივას და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანის შესაძლებლობას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არსებული თეორიული გათვლებით სავარგულის მდებარეობა და მისი აგრარული რესურსი იძლევა ექსპორტის ვარაუდის შესაძლებლობას. მეტიც, ეს არის გაწერილი ბიზნესგეგმაში. ეს ყოველივე კი, ისევ და ისევ, დამოკიდებულია გადამამუშავებელი კომპლექსისთვის აუცილებელი ტერიტორიის შესყიდვაზე.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისება შეჩერებულია. გასხვისების დაწყებისთანავე, განიხილება ეკონომიკის სამინისტროში არსებული ყველა მოთხოვნა (მათ შორის, რა თქმა უნდა, ”ზანა აგროს” წერილი) აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ისეთი საწარმოების განვითარებას, რომელიც იმპორტის ჩანაცვლებას შეძლებს. ”დღეს ჩვენ ვახორციელებთ ერთი მილიარდი დოლარის სასურსათო დანიშნულების პროდუქციის იმპორტს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი წარმოების განვითარებას, რომელიც იქნება იმპორტჩანაცვლებადი”,- აღნიშნავს ექსპერტი. მისივე თქმით, მსგავსი კომპანიების არსებობა მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის, ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით. სოსო არჩვაძის თქმით, კომპანიების საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს უნდა უწყობდეს მსგავსი კომპანიების განვითარებას.

თამარ კორკოტაშვილი