ეკონომიკის სამინისტროში Doing Business 2015 -ის კვლევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში მსოფლიო ბანკის Doing Business 2015 -ის კვლევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, აღნიშნული კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია. ქავთარაძის ინფორმაციით, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველომ 2005 წლის შემდეგ, რეგიონში ყველაზე მეტი, 36 რეფორმა განახორციელა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, კვლევის მიხედვით, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. ამავე კვლევის მიხედვით, წინა წელს საქართველოს მე-14 პოზიცია ეკავა. 2015 წლის Doing Business-ის კვლევის შედეგებით, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციის 1 პუნქტით ცვლილებება შემდეგი ძირითადი მიზეზებით არის გამოწვეული: მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, რეიტინგი განისაზღვრება ქვეყნების დაშორებით საუკეთესო მაჩვენებლიდან, ხოლო წინა წლებში გამოიყენებოდა სხვა - პროცენტული რანგირების მეთოდი; გადაიხედა ასევე რეიტინგის კალკულაცია და კვლევას მიემატა ახალი მონაცემები ქვეკომპონენტის სახით.

როგორც ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის კუთხით (99,88). Doing Business-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ოთხი კომპონენტით მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის. ეს კომპონენტებია: ქონების რეგისტრაცია (პირველი ადგილი), მშენებლობის ნებართვის მიღება (მე-3 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-5 ადგილი) და კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი).

ასევე, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია კვლევის 1 კომპონენტში და 3 ქვეკომპონენტში. კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 8 პოზიციით გაუმჯობესდა და 122-ე ადგილზე გადმოინაცვლა 130-ე ადგილიდან. გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებია: ბიზნესის დაწყების პროცედურებთან დაკავშირებული დანახარჯები, კრედიტის აღებასთან დაკავშირებული საკრედიტო ბიუროს მიერ საკრედიტო ინფორმაციის მოცვა, ვალაუვალობასთან დაკავშირებით ამოღების კოეფიციენტი.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, საქართველოს შედეგი გაუმჯობესებულია კიდევ 3 კომპონენტში (ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიით მომარაგება, კრედიტის მიღება) და მათ შესაბამის ქვეკომპონეტებში, რაც დასტურდება მინიჭებული (გაზრდილი) ქულებით, თუმცა საქართველოს პოზიციაზე რეიტინგში ეს დადებითად ვერ აისახა მეთოდოლოგიის ცვლილებების გამო.

მაგალითად: 1. ბიზნესის დაწყება (97,3 ქულა) - საქართველომ მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა მე - 4 ადგილიდან, თუმცა, არამარტო არც ერთი მაჩვენებელი არ გაუარესებულა, არამედ ამ კომპონენტის 4 მაჩვენებლიდან 1 გაუმჯობესდა, ხოლო დანარჩენი 3 მაჩვენებელის შედეგი უცვლელი დარჩა;

2. კრედიტის აღება (85,00 ქულა) - მე-7 ადგილზე საქართველომ გადმოინაცვლა მე-5 ადგილიდან და აქაც არც ერთი მაჩვენებელი არ გაუარესებულა. პირიქით, კომპონენტის 4 მაჩვენებლიდან 1 გაუმჯობესდა, ხოლო დანარჩენი სამი მაჩვენებელი უცვლელი დარჩა;

2015 წლის Doing Business-ის კვლევის მიხედვით, საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ესტონეთი (17), შვეიცარია (20), ავსტრია (21), ლატვია (23), ლიტვა (24), ჰოლანდია (27), იაპონია (29), ბელგია (42), სომხეთი (45), თურქეთი (55), რუსეთი (62), მოლდოვა (63), აზერბაიჯანი (80), უკრაინა (96) და სხვა.

2015 წელს, საქართველოს წინ უსწრებს: ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, ავსტრალია, შვედეთი, ისლანდია, ირლანდია, გერმანია, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, აშშ, დანია, მალაიზია და სამხრეთ კორეა. ყველა ეს ქვეყანა, ირლანდიის გარდა, საქართველოს წინ იყო წინა რეიტინგის მიხედვითაც. როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადაგვისწრო არის ირლანდია - მისი შედეგი 0.59 მეასედი ქულით აღემატება საქართველოს შედეგს (80.07 ქულა).