მეხორბლეებმა აზერბაიჯანულ გიგანტს კონკურენციის სააგენტოში უჩივლეს

”კვლევა მაქსიმუმ 10 თვის განმავლობაში უნდა დაასრულონ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ქართული ბიზნესი მონოპოლისტებისგან ზარალდება. მეწარმეების განცხადებით, მათ გიგანტ კომპანიებთან ჯანსაღი კონკურენციის გაწევა უჭირთ, რის გამოც პრობლემები აქვთ. მეხორბლეთა ასოციაცია კონკურენციის სააგენტოსგან დარგში არსებული მონოპოლიური მდგომარეობის შესწავლას ითხოვს.

ასოციაციამ სააგენტოს პრობლემების დეტალური ანალიზი ახლახან წარუდგინა. მაინც რა პრობლემები აქვს მეხორბლეობის დარგს საქართველოში? რატომ აღმოჩნდა ადგილობრივი წარმოება იმპორტთან არათანაბარ პირობებში და რისი იმედი აქვთ მეწარმეებს სამომავლოდ? - ”რეზონანსის” კითხვებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა პასუხობს.

- რა წერია დოკუმენტში, რომელიც კონკურენციის სააგენტოს წარუდგინეთ. რას ითხოვთ ამ უწყებისგან?

- ადგილობრივ წარმოებას სერიოზული პრობლემა აქვს იმის გამო, რომ აზერბაიჯანული კომპანია ”კარატ-ჰოლდინგის” ხელშია ფქვილის ბაზრის დაახლოებით 60% და საქართველოში არსებული ელევატორების თითქმის 90% (ფოთის საპორტო ელევატორის გარდა). ოთხივე საწარმოს დღიურად 1200 ტონამდე ხორბლის გადამუშავება შეუძლია, რაც ქვეყნის დღიურ მოხმარებას სრულად აკმაყოფილებს. ”კარატ-ჰოლდინგი” დიდი ფინანსური რესურსით შემოვიდა და ორიოდე წელიწადში ყველაზე დიდი მოცულობის წისქვილკომბინატის გამოსყიდვა მოახერხა. კონკურენციის სააგენტოსგან ვითხოვთ, რომ დარგში არის მონოპოლია და ბაზარი სრულყოფილად შეისწავლონ. მოქმედი კანონმდებლობით, ბაზარზე 40%-ზე მეტი წილის ფლობა უკვე მონოპოლიაა. კომპანიები წესებს უნდა დაემორჩილონ. ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია, მაგრამ თამაშის წესები სწორად უნდა განისაზღვროს, რის მიღწევასაც კონკურენციის სააგენტოს დახმარებით ვაპირებთ.

- როგორც ვიცით, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გქონდათ. რა დაპირება მიიღეთ უწყებისგან და როდის ელოდებით კონკრეტულ შედეგს?

-კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს 10 ოქტომბერს შევხვდით. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენმა ასოციაციამ უწყებას პრობლემის დეტალური ანალიზი წარუდგინა. სააგენტო რეალურად ახლა ამუშავდა და დოკუმენტაციის დამუშავების შემდეგ, თავიანთ კვლევას წარმოგვიდგენენ. კანონით განსაზღვრულია, რომ მათ კვლევა მაქსიმუმ 10 თვის განმავლობაში უნდა დაასრულონ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ. იმედი გვაქვს, საქმეს სრულყოფილად შეისწავლიან და სამართლიანი დასკვნა გაკეთდება.

- რეალურად რა პრობლემებს აწყდებით, რა მდგომარეობაშია დღეს მეხორბლეობის დარგი და სად არის გამოსავალი?

- ჩვენი მთავარი გასაჭირია, რომ საქმიანობა არ გვიწევს კონკურენტულ გარემოში, ამიტომ სერიოზული პრობლემა გვექმნება. ერთადერთი გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომ ბაზარზე თამაშის წესები სწორად განისაზღვროს. ველოდებით კიდევ ერთი კანონის ამოქმედებას - ”ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ”, რაც ჩვენთვის საშური საქმეა. ტექნიკური რეგლამენტის შექმნა ვთხოვეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აუცილებელია, სწორად განისაზღვროს ფასი, ადგილობრივი წარმოებისა თუ იმპორტული ფქვილის ღირებულება კი ერთ სტანდარტს დაექვემდებაროს. პრობლემა შეგვიქმნა დღგ-ს სპეციალური წესების გაუქმებამაც. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რომელიც ადგილობრივ ბაზარს მოჭარბებული იმპორტისგან იცავს.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწევთ შედეგს, რა შეიცვლება თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ, როცა კონკურენციის სააგენტო თქვენი ორგანიზაციის ანალიზის საფუძველზე მოკვლევას დაასრულებს?

-ახალი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ერთ-ერთი მთავარი დაპირება კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება იყო, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს. თუ პრეტენზია გვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ნორმალური სახელმწიფოს არსებობაზე, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ და ბაზარი მონოპოლიისგან ერთხელ და საბოლოოდ გათავისუფლდეს. იმედია, თამაშის წესები განისაზღვრება და ერთ პრინციპს დავემორჩილებით, სადაც სახელმწიფო კონკურენციისთვის ჯანსაღ პირობებს შეგვიქმნის.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”