კომპანიები "ფოსტის შესახებ" კანონპროექტს გამაფრთხილებელი გაფიცვით გააპროტესტებენ

რამდენიმე საერთაშორისო საფოსტო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა დღეს შეუძლებელი იქნება.

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიები გამაფრთხილებელი გაფიცვით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული "ფოსტის შესახებ" კანონპროექტის გამო.  საფოსტო კომპანიებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.

"ამ კანონპროექტით პრაქტიკულად ხდება ქვეყნის ეკონომიკის (როგორც ევროპული ორიენტაციის ეკონომიკის) მიმართულების ცვლილება. "ფოსტის შესახებ" კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები: პირდაპირ ეწინააღდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს; გამორიცხავს საფოსტო მომსახურების ბაზარზე თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არსებობას და ხდება ბაზრის მონოპოლიზაცია ,,საქართველოს ფოსტის" მიერ; აღნიშნული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების (DHL, TNT) და ორმოცამდე კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა და ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი დატოვონ (მსგავსი შემთხვევა 2005 წელს მხოლოდ თურქმენეთში დაფიქსირდა). მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი გადამზიდავების მიერ ბაზრის დატოვება კი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება არამარტო ამ კონკრეტული სფეროსათვის, არამედ მთლიანად ეროვნული ეკონომიკისთვის. ,,ფოსტის შესახებ" კანონპროექტზე ევროკომისიის მიერ მოწოდებული იქნა შენიშვნები (მიმდინარე წლის ივლისში) და სამინისტროს მისამართით მოხდა იმის მითითება, რომ კანონპროექტის არსებული ვერსია ეწინააღმდეგებოდა საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სამინისტრომ დღემდე არ უზრუნველყო კანონპროექტის გადამუშავება ევროკომისიის მიერ მოწოდებული შენიშვნების მიხედვით", - აღნიშნულია კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. 

კომპანიებში აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვის მიზანია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უზრუნველყოს ,,ფოსტის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავება ევროკომისიის მიერ მოწოდებული შენიშვნების შესაბამისად.