შპს ,,კედარი" 1000 ლარით დაჯარიმდა

შპს ,,კედარის" წარმოებულ გაყინულ ქაბაბში პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერიამონოციტოგენეზი" აღმოჩნდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში სათანადო წესით აღებული და გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,კედარის" (გამოშვების თარიღი 04.10.2014) წარმოებული გაყინული ქაბაბი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, აღებულ ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერიამონოციტოგენეზი" აღმოჩნდა, რაც, საწარმოს არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი გახდება.

"შპს ,,კედარს" 4 ოქტომბერს წარმოებული პროდუქციის ქსელიდან ამოღება დაევალა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმა.

"ლისტერიამონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად აფრთხილებს მოსახლეობას, თუ კი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს "კედარის" წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (გაყინული ქაბაბი - გამოშვების თარიღით 04.10.2014) არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის პროდუქციის რეალიზაციის აღმოჩენის შემთხვევაში", - აცხადებენ საგენტოში.

მათივე განცხადებით, სააგენტო საჭიროების მიხედვით დამატებით მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ, ასევე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის აღმოსაფხვრელად.