ტაქსისტებად ქალებს და ახალგაზრდებს ირჩევენ

თბილისში ”სატაქსაოდ” რაიონებიდან ყოველდღიურად ჩამოდიან

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სატაქსო კომპანიებში მძღოლების შესარჩევი კრიტერიუმი იცვლება, ზოგიერთმა მათგანმა მკაცრად განსაზღვრა ასაკი და 30 წელს გადაცილებულ მძღოლებს კომპანიაში აღარ იღებენ. ბოლო დროს ყურადღება ექცევა სქესსაც. ქალბატონ მძღოლებს, გამოცდილების შემთხვევაში მუშაობის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ. შეიძლება ითქვას, ტაქსისტების საქმიანობა ბოლო დროს საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა. ცოტა ხნის წინათ თუ ამ სტატუსის მქონე ადამიანებში სხვადასხვა პროფესიის ხალხს ვხვდებოდით და ამით გვამახსოვრებდნენ თავს, ახლა ტაქსის მომსახურება სხვა მხრივაც საინტერესო გახდა: გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა, მძღოლებად სუსტი სქესის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ და ასაკიც გაახალგაზრდავდა.

როგორც სატაქსო კომპანიების მენეჯერები აცხადებენ, შეიცვალა მიდგომა და უკვე დღეს ტაქსის მძღოლად მუშაობისთვის პრიორიტეტია ასაკი. აღმოჩნდა, რომ უპირატესობა 20-30 წლის მძღოლებს ენიჭებათ. კომპანიებში რატომღაც მიიჩნევენ, რომ ამ ასაკის ახალგაზრდები მგზავრებს უფრო კომფორტულად მოემსახურებიან, ვიდრე შუახნის ასაკს გადაცილებულები, რომლებსაც ამ კუთხით დასაქმების შანსი აღარ აქვთ, თვითდასაქმებას თუ არ ჩავთვლით.

არც ის არის უცხო, რომ თბილისელი მძღოლების რიგს ახლომდებარე რაიონებიდან ჩამოსულებიც დაემატნენ. ბოლო დროს დედაქალაქისთვის ეს ერთგვარ ტენდენციადაც იქცა. მცხეთელი, კასპელი, გორელი, დუშეთელი, გარდაბნელი და რუსთაველი მძღოლები სამუშაოდ თბილისში ჩამოდიან. მთელი დღის შრომის შემდეგ, როცა ზოგიერთი დარუნებას ვერ ახერხებს, ღამეს მანქანაშივე ათევენ. ამ მხრივ რუსთაველ მძღოლებს მეტი გამოცდილება აქვთ, წლებია, ისინი თბილისში ”ტაქსაობით” არიან დაკავებული და ბევრისთვის ეს ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

კასპელი ლადო სტეფნაძე არ მალავს, რომ თბილისში ტაქსისტად მუშაობს და ამ მიზნით დედაქალაქში კვირაში 3-4-ჯერ ჩამოდის. დაძაბული მუშაობის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, დაბრუნებასაც ვერ ახერებს და ღამეს ღია ცის ქვეშ, საკუთარ ავტომანქანაში ათევს.

”ტაქსისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. შემიძლია თქმა, რომ მძღოლი ვარ, რაც თავი მახსოვს. კასპში ეს საქმიანობა მომგებიანი არ არის და მთელი დღის თავაუღებელი მუშაობის შემდეგ შეიძლება სახლში ხელცარიელიც დავბრუნდე. გზაზე მომუშავე ტაქსის მძღოლებიც კი პურის ფულს ძლივს შოულობენ, ფაქტობრივად, ხელმოცარულები არიან. ამიტომ მუშაობა თბილისში გადავწყვიტე. ხარჯი რომ შევამცირო, მანქანაში ვათენებ და საქმეს სისხამ დილიდან ვიწყებ, ხანაც მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობ, რომ მგზავრი ავიყვანო. გაჭირვებამ ჩამომიყვანა აქ, სხვა რა ინტერესი უნდა მქონდეს, შრომა დამემატა და ოჯახსაც ლამის მოვწყდი”, - ამბობს კასპელი მძღოლი.

თვითდასაქმების გარდა, ტაქსისტად მუშაობა მძღოლებისთვის, რა გამოცდილებაც უნდა ჰქონდეთ, რთულია. კომპანიებში უპირატესობა 20-დან 30 წლამდე მამაკაცებს ეძლევათ. ამას, ერთ-ერთი სატაქსო კომპანიის მენეჯერის თქმით, თავისი არგუმენტი აქვს:”კომპანიაში ტაქსის მძღოლად მომუშავე, უკლებლივ ყველა, ახალგაზრდაა. მათი ასაკი 20 წლიდანაა. ახალგაზრდული კომპანიაა და უპირატესობა ასაკს ენიჭება, რა თქმა უნდა, მძღოლს თუ კარგი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ისინი მგზავრებს უფრო კომფორტულად მოემსახურებიან, ვიდრე ასაკოვანი მძღოლები”, - ამბობს კომპანია ”დავინჩის” მენეჯერი.

მძღოლის სამსახურში აყვანისას ასაკს ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევენ კიდევ ერთ კომპანიაში. ვინც ნომერზე 200-200 დარეკავს, შესაძლებლობა აქვს, მამაკაცების გარდა, ქალი მძღოლის მომსახურებითაც ისარგებლოს. როგორც კომპანიის მენეჯერი გიორგი ჩოჩია ამბობს, თბილისში მათი რიცხვი ძალიან ცოტაა და კომპანიებში დასაქმებული 350 მძღოლიდან ქალბატონი შეიძლება ხუთი აღმოჩნდეს.

”ქალი ტაქსისტები უმეტესწილად 35-50 წლისანი არიან და კარგი გამოცდილება აქვთ. მათი შერჩევისთვის ერთადერთი კრიტერიუმია, რომ ქალაქი იცოდნენ კარგად და დანიშნულების ადგილამდე დროულად მივიდნენ. სხვა გამოცდილება არც სჭირდებათ. ზოგადად კი, თანამშრომლის აყვანისას ასაკს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. გვყავს 20-21 წლის მძღოლები. ჩვენი მიდგომაა, რომ ტაქსისტების ასაკი გაახალგაზრდავდეს, ხოლო 60 წელს გადაცილებული მძღოლი საჭესთან არ უნდა იჯდეს”, - ამბობს გიორგი ჩოჩია.

თბილისელ მგზავრებს კი, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა მძღოლები დისკომფორტს უქმნით. ისინი ფიქრობენ, რომ მძღოლისთვის საუკეთესო ასაკი 35-დან 50 წლამდეა.

”ახალგაზრდა მძღოლის მომსახურება არაკომფორტულია. პირიქით, უხერხულობაც შეიძლება ახლდეს, რადგან უსაფრთხოების მხრივ, მის მიმართ ყოველთვის ნაკლები ნდობა მაქვს. მანქანას გიჟივით ატარებენ და ზედმეტად თავდაჯერებულები არიან. ტაქსის მძღოლისთვის ყველაზე მთავარი გამოცდილებაა. საავარიო სიტუაციაში დროულად ახდენენ კონცენტრაციას და უფრო მოწესრიგებულებიც არიან. წინასწარ რომ ვიცოდე, რომელ კომპანიაში ჰყავთ 20-25 წლამდე მძღოლი, მათი მომსახურებით არ ვისარგებლებ.

რაც უნდა კარგი მძღოლი იყოს, ასაკი გადამწყვეტია. გამოცდილებას სხვანაირად ვერ შეიძენს. მით უმეტეს, რომ თბილისში საშინელი მოძრაობაა, მძღოლები არ იცავენ წესრიგს და გადაადგილება ჭირს. რაც შეეხება სქესს, არ აქვს მნიშვნელობა, პირიქით, ქალი მძღოლი მომწონს, მენტალიტეტში გარკვეული გარდატეხაა. ჩვენ ისეთ დროს გავიზარდეთ, როცა არ შეიძლებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ქალი ყოფილიყო”, - ამბობს თბილისელი მაკა კორძაია.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”