"თელასმა" 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია "თელასმა" 2014 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

"თელასის" ინფორმაციით, 2014 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანია "თელასმა" 1 მილიარდ 641 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,8% (147 მლნ. კვტ/სთ-ით) აღემატება 2013 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 494 მილიონი კვტ/სთ).

ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2014 წლის იგივე პერიოდში 10,3%-ით (144 მლნ. კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 552 მილიონი კვტ/სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა, ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2014 წლის ცხრა თვეში 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (17 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 536,7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 487,4 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 49,3 ათასი – იურიდიური პირი.

2014 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 489 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (194 კმ-ით) აღემატება 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 295 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.