ADB-ის მისია წყალმომარაგების კომპანიაში იმყოფებოდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფებოდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მისიას აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი, ვენჩაი ჟანგი ხელმძღვანელობდა. მათივე ცნობით, კომპანიის ახალმა დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და კომპანიის წარმომადგენლებმა მისიას წარუდგინეს პრეზენტაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც კომპანიის უმსხვილესი დონორის უდიდეს მნიშვნელობას წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზიის განვითარების ბანკის მისია კომპანიაში არსებულ გეო საინფორმაციო სისტემას (GIS) გაეცნო.