პარლამენტმა სოციალური რეკლამის შესახებ ცვლილებათა პაკეტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა სოციალური რეკლამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევიდა "მაუწყებლობის შესახებ", "რეკლამის შესახებ" და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონებში.

"მიღებული ცვლილებების მიზანია, აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც აქამდე მოქმედ კანონმდებლობაში არსებობდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, შეეხება სოციალური რეკლამის იმ განმარტებას, რომელსაც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ძველი რედაქცია იძლეოდა. კერძოდ, სოციალური რეკლამის ძველი დეფინიცია, სხვა პირობებთან ერთად, ითხოვდა, რომ სარეკლამო რგოლს დაეკმაყოფილებინა ერთდროულად ორი პირობა − მიმართული ყოფილიყო "საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა" და "საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ". ასეთი მეტისმეტად ვიწრო განსაზღვრების პირობებში ანტინარკოტიკული, დისკრიმინაციის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, აგრეთვე, სარეკლამო კლიპები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ, ვერ ჩაითვლებოდა სოციალურ რეკლამად, რადგან მათში არ იყო "ქველმოქმედების კომპონენტი", რაც, უდავოდ, ძველი კანონმდებლობის ხარვეზს წარმოადგენდა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არ შექმნის დამატებით ვალდებულებას ტელემაუწყებლებისათვის. "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ამოქმედების დღიდან მასში იყო მუხლი, რომელიც ყველა მაუწყებელს, მათ შორის, კერძო მაუწყებლებსაც, ავალდებულებს, 3 საათში ერთხელ არანაკლებ 90 წამისა დაუთმოს სოციალურ რეკლამას. ამასთან, აღნიშნული 90 წამიდან არანაკლებ 10 წამი უნდა ეთმობოდეს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას.

"აქედან გამომდინარე, ცვლილებათა პაკეტი კი არ ქმნის რაიმე ახალ უფლებას, არამედ აზუსტებს უკვე არსებულს და არაფრით ზღუდავს ტელეკომპანიების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მათ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში შეუძლიათ, აირჩიონ, რეკლამის რომელი განმთავსებლის სოციალური რეკლამა განათავსონ საკუთარ მაუწყებლობაში", - განმარტავენ უწყებაში.

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, სოციალურ რეკლამად არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთი რეკლამა, რომელიც არის კომერციული ან წინასაარჩევნო რეკლამა, ან შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გამორიცხავს კანონის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის რეკლამირებისათვის გამოყენების შესაძლებლობას, მით უმეტეს − წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, ახალი რედაქციით, ტერმინი "სოციალური რეკლამის" დეფინიცია მთლიანად გამორიცხავს მასში პოლიტიკური კომპონენტის არსებობის შესაძლებლობას.