რა ცვლილებები შევიდა ახალ სამშენებლო კოდექსში

”ეს ის შემთხვევაა, როდესაც პური მეპურემ უნდა გამოაცხოს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალი სამშენებლო კოდექსის პროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ნოემბერში პროექტი პარლამენტს გადაეგზავნება და 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს უკვე ახალი სამშენებლო კოდექსი ექნება. ამის თაობაზე bpn.ge ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს - დავით გიგინეიშვილს ესაუბრა. როგორც რესპონდენტი ამბობს, პროექტზე მუშაობა ცოტა გაიწელა, ლამის ყველა მუხლი კამათისა და სერიოზული დებატების შედეგად ჩამოყალიბდა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ”ჩიტი ბდღვნად ღირს”.

დავით გიგინეიშვილი: ეს არ არის მხოლოდ სამშენებლო კოდექსი - ეს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსია. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს: ჯერ არ გვქონია კანონი, რომელიც სამშენებლო და ურბანული სექტორის პრობლემებს გააერთიანებდა და ერთ საკანონმდებლო სივრცეში მოაქცევდა, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს რამდენიმე კანონი, რამდენიმე ბრძანება და დადგენილება, რომელიც ამ სფეროებს არეგულირებს. ახალი კოდექსი კი, ამ ყოველივეს გააერთიანებს და თანაც, არაერთ სიახლეს დანერგავს.

- პროექტზე მუშაობის დროს, სამშენებლო კომპანიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს თუ ითვალისწინებდით?

- მაქსიმალურად ვცდილობდით, ამ კოდექსზე მუშაობის პროცესში, ფართო საზოგადოება ჩაგვერთო. კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მერე შეჩერდა, მერე ისევ განახლდა და მხოლოდ შარშან, ოქტომბერში დაიწყო მასზე ინტენსიური მუშაობა. ამ პროცესში ჩაერთო დონორი ორგანიზაცია GIZ-ი, ავიყვანეთ რამდენიმე ექსპერტი, მათ შორის - გერმანელებიც, მაგრამ კოდექსის სტრუქტურა ქართული რეალობის გათვალისწინებით შედგა. გერმანული კოდექსი დაწერილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის დანგრეული გერმანიისათვის იქნა შედგენილი და საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა გერმანელებისათვის, თუმცა ჩვენს ახალ კოდექსში მხოლოდ 20-30%-ია გერმანული, დანარჩენი მთლიანად ქართულ სინამდვილეზეა აგებული. კოდექსი იწყება ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხით, იქ ყველაფერია გათვალისწინებული: როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქის, ან დასახლების გეგმა, რას უნდა მოიცავდეს, ვინ არის პასუხისმგებელი მის შედგენაზე და ა.შ... ეს საკითხი განიხილება ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების დონეზე. სივრცითი მოწყობის ნაწილის შემდეგ კოდექსი გადადის უშუალოდ მშენებლობებზე: როგორი უნდა იყოს შენობა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ სად უნდა იდგეს, რა პარამეტრები უნდა ჰქონდეს, რა სიმაღლე, ან სიგანე - ეს ყველაფერი ქალაქმშენებლობის გეგმებში დგინდება. ამ საკითხების განხილვას მრავალი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ლამის ყველა მუხლი სათითაოდ განვიხილეთ და ამ განხილვებში მონაწილეობდა ყველა, ვისაც უმუშავია საერთოდ ურბანისტიკის პრობლემებზე საქართველოში, და არა მარტო საქართველოში. მუშაობის პროცესში ჩართული გვყავდა არქიტექტორთა კავშირი, მშენებელთა ასოციაცია და საზოგადოების აზრი მაქსიმალურიად იქნა გათვალისწინებული.

- ამბობთ, რომ ახალი კოდექსი არაერთ სიახლეს გვთავაზობს. კონკრეტულად, რომელ მათგანს გამოყოფდით?

- სიახლეებს რაც შეეხება, დღეს ჩვენთან დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა: მაგალითად, თბილისს აქვს პერსპექტიული განვითარების გეგმა - ქალაქის გენგეგმა. ამ გენგეგმაში თითოეულ უბანზე გათვალისწინებულია განსხვავებული პარამეტრები, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული: განაშენიანების ინტენსივობაზე, ტრანსპორტის რაოდენობაზე, გამწვანების კოეფიციენტზე და ა.შ... ეს პარამეტრები დადგენილია ურბანისტების მუშაობის შედეგად, მაგრამ ამავე დროს, არსებობს ზონალური შეთანხმების საბჭო. თუ თქვენ ხართ მშენებელი და იტყვით, რომ ეს პარამეტრები არ გაწყობთ და მათ შესაცვლელად თანხასაც გადაიხდით, მათ შეცვლიან. ასეთი რამ თბილისში წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ მომავალში აღარ მოხდება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გენგეგმა კარგავს თავის აზრს. თანხის სანაცვლოდ პარამეტრის დამატება, ან შეცვლა დაშვებული აღარ იქნება. თუმცა, იქნება ასეთი შესაძლებლობა: მშენებელმა უნდა გააკეთოს ტერიტორიის განაშენიანების ცვლილების გეგმა და საფუძვლიანად დაასაბუთოს, რომ ეს შენობა არ იქონიებს უარყოფით გავლენას ქალაქის იერსახეზე, ინფრასტრუქტურაზე და ბევრ სხვა პარამეტრზე. მენაშენემ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს შენობა არ იქნება ამოვარდნილი კონტექსტიდან. სხვათა შორის, ლონდონში, შუა ქალაქში დგას კვერცხის ფორმის თანამედროვე შენობა, მაგრამ მის აშენებამდე 6 წლის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ვიდრე არ დასაბუთდა, რომ ის კონტექსტიდან არ იქნებოდა ამოგლეჯილი. ჩვენთანაც, ქალაქის მერიისა და საკრებულოს ნებართვის გარეშე, ერთ ადამიანს აღარ ექნება უფლება, რომ დადგენილ პარამეტრებს გადაუხვიოს და სხვებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ ჩვენ გვერდიგვერდ აშენებული გვაქვს ორი თანაბარი სიმაღლის სახლი და მათ შორის ვიღაც ააშენებს ძალიან მაღალ სახლს, ჩვენი უძრავი ქონების ფასი ეცემა: ის დაჩრდილავს ამ შენობებს და საცობებსაც შექმნის, მაგრამ თუ პარამეტრები არ შეიცვლება, ამ ორი სახლის გვერდით აშენდება ზუსტად ასეთივე შენობა და პრობლემაც არ იქნება. ეს არის სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული ნორმა, რომელიც ყველა წარმატებულ ქვეყანაში მოქმედებს. რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ვერც ტროტუარზე გაივლი, ვერც მანქანას გააჩერებ? - ეს სწორედ უსისტემო და მოუწესრიგებელი მშენებლობების ბრალია. რაც დაადგინა ქალაქმა, დაბამ, ან სოფელმა, ის უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი. ეს ქმნის განცდას, რომ თამაშის წესები ყველასათვის ერთნაირია. დღეს, როდესაც სამშენებლო სექტორის აქტივობა 60%-ით არს გაზრდილი, შეიძლება ითქვას, რომ ამ სექტროში რეგულაციების შემოღება აუცილებელია.

-ეს რეგულაციები მშენებლობის ხარისხსაც შეეხება?

- კონსენსუსის გზით იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ მშენებლობა უნდა აწარმოოს სერტიფიცირებულმა პერსონალმა: არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი თუ მშენებელი - ყველა მათგანი უნდა იყოს სერტიფიცირებული. სამწუხაროდ, დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს უფლება მშენებლობა წამოიწყოს, რადგან არანაირი კონტროლი ამ სფეროში პროფესიისა და კომპეტენციის მხრივ არ არსებობს. ქირურგმა რომ შეცდომა დაუშვას, ამის გამო ერთი ადამიანი დაიღუპება, მაგრამ შენობა რომ დაინგრეს, რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ამიტომ, ახალი კოდექსის მიხედვით, რეგულაცია ამ მხრივაც გამკაცრდება. დაგეგმილია, რომ მომავალში მუშახელიც პროფესიონალი უნდა იყოს, ანუ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ქვეყანა აქეთკენ მიდის, თუმცა, ჯერჯერობით ეს ვერ განხორციელდება.

კიდევ ერთი ცვლილების შესახებაც გეტყვით. ზოგადად, ოთხი კლასის შენობა-ნაგებობას გამოვყოფთ: პირველში შედის მარტივი შენობები, მეორეში - საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები, მესამეში- მაღალი შენობები: საცხოვრებელი თუ საოფისე შენობები, ხოლო მეოთხეში - საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ... არის კიდევ მეხუთე კლასის შენობები, მაგრამ ამ ჯგუფს კოდექსი არ არეგულირებს იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული დანიშნულებისაა - კაშხლები, ჰესები და ა.შ... ამ ოთხი კლასიდან დღეს ნებართვა გაიცემა სამზე, ხოლო პირველი კლასის შენობების ასაგებად მხოლოდ მარტივი შეტყობინებაა საჭირო. ახალ კოდექსში ცვლილებაა: რადგან პროექტებს სპეციალისტები შეადგენენ, მეორე კლასის შენობებზე ნებართვის გაცემა საჭირო აღარ იქნება და შესაბამისად ამ ჯგუფზე პროცედურა გამარტივდება.

- რა შეიცვლება მშენებლობის ზედამხედველობის მხრივ?

- ახალი კოდექსის მიხედვით ნებისმიერ მშენებლობაზე უნდა იყოს შრომის დაცვის სპეციალისტი. დღეს ამ მიმართულებასაც არავინ აკონტროლებს, ამიტომაც არის ასე გახშირებული უბედური შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. ამიტომ, მშენებლობაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დღედაღამ იქ იქნება და გააკონტროლებს, ვის რა აცვია, რომელ მშენებელს როგორი ჩაფხუტი ახურავს, როგორი ფეხსაცმელები აცვია, შემოღობილია თუ არა ტერიტორია და ა.შ... ასევე შემოდის ზედამხედველის ინსტიტუტიც. დღეს ქალაქის მერია აგზავნის მშენებლობაზე ზედამხედველს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე: მაგალითად, საძირკვლის ჩაყრისას, და ვიდრე მშენებლობა არ დასრულდება, ის ამ ობიექტს არც კი ნახულობს. იმისათვის, რომ მშენებლობის ხარისხი გაუმჯობესდეს, ჩვენ შემოგვაქვს ალტერნატიული ზედამხედველობის სისტემა: მენაშენეს შეუძლია დაიქირავოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ზედამხედველი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იქნება მშენებლობაზე, გააკონტროლებს მას და მერე ამ მონაცემებს წარადგენს ქალაქის მერიაში. მერიას უკვე აღარ ექნება უფლება, რომ მშენებლობა შეამოწმოს. მშენებელს შეუძლია აირჩიოს ერთი, ან მეორე სქემა. სახელმწიფო ზედამხედველი ხშირად წერს ჯარიმებს, რადგან მშენებლობის დროს ხარვეზებს პოულობს, მაგრამ როდესაც იქ იქნება ზედამხედველი, ხარვეზებიც ნაკლები იქნება. ეს ყველაფერი რაღაცით ჰგავს ალტერნატიული აუდიტის სისტემას და ვფიქრობ, რომ ესეც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამავე დროს, კოდექსში არის ბევრი ახალი ჩანაწერი, მათ შორის - ენერგოეფექტურობაზეც. შენობა-ნაგებობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ მის გათბობაზე მინიმალური ენერგია დაიხარჯოს. ახალ კოდექსში კიდევ ბევრი სიახლე და მრავალი სხვადასხვა ასპექტია, რომელთა ჩამოთვლა ერთ ინტერვიუში პრაქტიკულად შეუძლებელია. ბოლოს კი გეტყვით, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ კოდექსი საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი ყოფილიყო, მისი საჯარო განხილვა ხშირად საათობით გრძელდებოდა, ძალიან მწვავე დებატები იმართებოდა და ბევრი ცვლილება სწორედ ამ დებატების შედეგია.

ხათუნა ჩიგოგიძე