კომპიუტერების რეალიზაცია განახევრდა, კომპანიები იხურება

”თითქმის თავის ფასში ვყიდით, მაგრამ მომხმარებელი მაინც არ აქტიურობს”

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებს რეალიზაცია გაუნახევრდათ. კომპანიებში აცხადებენ, რომ პრობლემები აქვთ და არ არის გამორიცხული, ზოგ მათგანს საქიანობის შეჩერებაც მოუხდეს.

კომპიუტერული ტექნიკის ბიზნესში არსებულ პრობლემას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მიაწერენ. მაღაზიების მენეჯერთა ინფორმაციით, უკვე 6-7 თვეა, რაც ვითარება გართულდა.

კომპანია ”გეოკომპში” აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კომპიუტერის შეძენა ”ფუფუნებასთან” ასოცირდება და ხალხს ამ ტექნიკაზე ხელი ნაკლებად მიუწვდება. ”კომპიუტერების რეალიზაცია ძალიან გვიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა არ გაძვირებულა, მოთხოვნა უფრო და უფრო მცირდება. შეიძლება ციფრებით ვერ გამოვხატოთ, მაგრამ გაყიდვის მხრივ კლებაა. არის ერთი ფაქტორიც - ვისაც კომპიუტერი სჭირდება, დიდი ხნის წინ შეიძინა და ტექნიკის გამოცვლას არ ჩქარობს. ამასთან, ბევრია ისეთი, ვისაც კომპიუტერი ფინანსური პრობლემების გამო არ აქვს. ფაქტობრივად, მაღაზიას აქსესუარების ხარჯზე ვამუშავებთ. ეს არ არის დიდი შეღავათი, მაგრამ სტაბილურობის შენარჩუნებაში მეტ-ნაკლებად გვეხმარება. სხვა მხრივ, გაცილებით მეტი პრობლემა გვექნებოდა” ,- ამბობს კომპანიის თანამშრომელი.

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია ”ულტრას” გაყიდვის მენეჯერის, შალვა ღვინიაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორის მხრიდან შეკვეთები მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, რაც კომპანიებს ტექნიკის რეალიზაციაში ეხმარება. ”კომპიუტერულ მაღაზიებს პრობლემა აქვთ, ეს ფაქტია. რაც დრო გადის, რეალიზაცია ჭირს, ალბათ ბევრი მიზეზია, რამაც არასახარბიელო მდგომარეობა შექმნა. ერთ-ერთი შეიძლება ეკონომიკურ სიტუაციას უკავშირდებოდეს. ხალხს უჭირს და ძვირადღირებული ტექნიკის ყიდვას ვერ ახერხებს. გართულდა შედარებით იაფი კომპიუტერების გაყიდვაც. კერძო სექტორი ჩვენი ძირითადი მომხმარებელია, ყველაზე ხშირად კომპანიები გვიკვეთავენ, რაც სტაბილურობის შენარჩუნებაში გვეხმარება. რაც შეეხება კომპიუტერის აქსესუარებს, ნორმალურად იყიდება, მაგრამ ეს სურათს ვერ ცვლის”,-აცხადებს ღვინიაშვილი.

კრიზისი აქვს კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანია ”ალგორითმს”, რომლის საწარმოც ერთი წლის წინ შეჩერდა. პრობლემა მას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვამ შეუქმნა. ამ პროცესს ”ალგორითმი” 1 წლით ჩამოაშორეს. კომპანია ძირითადად, პირველკლასელებისა და პოლიციელებისთვის კომპიუტერების დამზადებით იყო დაკავებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ ”შავ სიაში” კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებისათვის მიწოდებული მონიტორის დაწუნების გამო მოხვდნენ. არ არის გამორიცხული, ყველაფერი კომპანიის დახურვით დასრულდეს. თანამშრომელთა დათხოვნა უკვე განხორციელდა. დღეისთვის კომპანია ”ალგორითმში” 132-ის ნაცვლად, 22 ადამიანია დასაქმებული.

რეალიზაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაშიც. გაყიდვის მენეჯერი ლევან წიწრიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 2-3 წელია, გაყიდვამ გეზი კლებისკენ აიღო და სიტუაცია უკვე დამძიმდა.

”ჩვენი კომპანია ერთდროულად მუშაობს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებასა და რეალიზაციაზეც, უფრო შეკვეთებზე ვართ ორიენტირებული. მდგომარეობა ბოლო დრომდე ნორმალური იყო, მაგრამ ახლა გაყიდვებმა იკლო. შარშანდელთან შედარებით, გაყიდვა განახევრებულია და მეტადაც არის შემცირებული. თურქული წარმოების კომპიუტერებს ვყიდით, ფასი 590 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აჭარბებს. შემცირებული მოთხოვნის გამო, იძულებულნი ვართ მინიმალურ, ანუ თითქმის თავის ფასში გავყიდოთ, მაგრამ მაინც არ ყიდულობენ. როგორც ჩანს, ხალხს მართლა ძალიან უჭირს, რომ მისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენას ვერ ახერხებს. ალბათ, ეს დროებითი მოვლენაა და სიტუაცია გამოსწორდება. სხვანაირად, წარმოუდგენელია”,-აცხადებს წიწრიაშვილი.

ქართველი ინდმეწარმეების ინფორმაციით, რეალიზაცია მხოლოდ დაბალ და საშუალოფასიან ტექნიკაზეა შენარჩუნებული. ”გაყიდვაში გვაქვს კომპიუტერიც და ამ ტექნიკისთვის აუცილებელი ავეჯი, ძირითადად, მაგიდა და სკამი. დღეს, ხარისხზე მომხმარებელი ნაკლებად ფიქრობს, ყველა დაბალ ფასზეა ორიენტირებული. მაგალითად, 600 ლარზე მეტად კომპიუტერის გაყიდვა წარმოუდგენელია, მაგრამ ზოგს ეს თანხაც ებევრება. მოთხოვნა მაინც ამ დაბალფასიან კომპიუტერებზეა. არ ვიცი სხვაგან რა სიტუაციაა, მაგრამ ჩვენთან ძვირიანი ნაწარმი ნაკლებად იყიდება. ჩვენი ბიზნესისთვის კრიტიკული პერიოდია. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ 2015 წლის პოზიციები გავიუმჯობესოთ. არ არის გამორიცხული, მომხმარებლისთვის წამახალისებელი აქცია მოვაწყოთ, რაც ბაზარზე შექმნილ ვითარებას მცირედით მაინც გამოასწორებს.”,- ამბობს ინდმეწარმე ვახტანგ ბერაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”