რეალური საქმე და რეალური შედეგი

”ბიუჯეტის დაგეგმვისას ჩაიდო, რომ 2015 წელს 2 შშმ პირი აუცილებლად დასაქმდება”

2011 წელს, როდესაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული რეორგანიზაცია ჩატარდა და ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები განისაზღვრა, რაც ადმინისტრაციის წინაშე იდგა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, იყო შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით, ცესკოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამუშაო გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის ფარგლებში გაჩნდა იდეა, რომ საარჩევნო ადმინსტრაციას მაგალითი მიეცა სხვა უწყებებისთვის, მოეხდინა შენობის ადაპტირება და შშმ პირები დაესაქმებინა. იდეა წარმატებით განხორციელდა და გამოცდილებას ცესკო-ს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა გვიზიარებს:

- ამ მიმართულებით ჩვენმა ორგანიზაციამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა - პირველ რიგში, შესაბამისად მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა. მაგრამ როდესაც უშუალოდ დასაქმების თემას მივადექით, გამოიკვეთა ისეთი პრობლემა, როგორიცაა შშმ პირებისთვის სამუშაოს ტიპის განსაზღვრა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ყოფილიყო დროებითი, დაგვესაქმებინა არჩევნების პერიოდში და სწორედ არჩევნებზე გვენახა, როგორ შეძლებდნენ ისინი მუშაობას.

- რა სახის სამუშაოს ასრულებდნენ თქვენს მიერ დასაქმებული შშმ პირები და წარმოიქმნა თუ არა რაიმე სირთულე მუშაობის პროცესში?

- პირველი ბენეფიციარი, რომელიც დავასაქმეთ, იყო ცესკოს ცხელი ხაზის ოპერატორი. მაგრამ, ვინაიდან მას ჰქონდა საზოგადოებაში ინტეგრაციის, ურთიერთობების პრობლემა და ჰქონდა განცდა, რომ თანამშრომლები ვერ მიიღებდნენ, შეეცოდებოდათ და ა.შ, ის არ ესწრებოდა ტრენინგებს და გადაწყვიტა სახლიდან ემუშავა. ამიტომ, პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება და დავსვი საკითხი, რომ ის აუცილებლად უნდა დასწრებოდა ტრენინგს და ევლო სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდებოდა მასთან თანამშრომლობა. როდესაც ის შეხვდა გუნდს, რომელთანაც უნდა ემუშავა, აბსოლუტურად შეეცვალა წარმოდგენა, პირველივე კონტაქტიდან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მეტიც, დღეს ეს ადამინი აგრძელებს მუშაობას სხვა ორგანიზაციაში, რეალიზებული და ფინანსურად უზრუნველყოფილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მომუშავე შშმ პირები იყვნენ აბსოლუტურად თანაბარ პირობებში, არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობდნენ, შესაბამისად იგრძნეს, რომ თანაბარ მდგომარეობაში არიან და ამის შემდეგ ისინი აბსოლუტურად შეიცვალნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად შშშ პირებს აქვთ განცდა იმისა, რომ დამსაქმებლები მათ საკუთარი პიარისთვის იყენებენ და მათ დასაქმებას, მხოლოდ როგორც ვალდებულებას, ისე აღიქვამენ. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა და ეს მათ თავად ხშირად უთქვამთ, რომ როდესაც ისინი რეზიუმეს აგზავნიან, სადაც არ უთითებენ, რომ შშმ პირები არიან, გასაუბრებაზე იბარებენ, მაგრამ იქ მისულებს მათ აბსოლუტურად სხვა რეაქცია ხვდებათ, პირდებიან რომ დაუკავშირდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა აღარ ურეკავენ, ეს კი მათში დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

- აპირებთ თუ არა, მომავალში კიდევ შშმ პირების დასაქმებას თქვენს ორგანიზაციაში?

- ცეესკოს თავმჯდომარის ინიციატივით, ბიუჯეტის დაგეგმვისას ჩაიდო, რომ 2015 წელს 2 შშმ პირი აუცილებლად დასაქმდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და არ ვფიქრობთ, რომ გავჩერდეთ.

- რას ეტყვით სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოტენციურ დამსაქმებლებს, რატომ არის მნიშვნელოვანი შშმ პირების დასაქმება?

მე, როგორც ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვურჩევდი ყველა დამსაქმებელს, განსაზღვრონ ორგანიზაციაში ისეთი თანამდებობები, სადაც შშმ პირებს დაასაქმებენ, განსაზღვრონ მათი ფუნქციები და ისინი ძალიან კარგ შედეგს მიიღებენ. არასდროს გამოიყენონ დისკრიმინაციული მიდგომა და არ მიიღონ გადაწყვეტილება, მხოლოდ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობით. მინდა ვუთხრა მათ, რომ შშმ პირებთან თანამშრომლობით მათი ორგანიზაციები გაცილებით ბევრს მიაღწევენ, გუნდი აუცილებლად შეიკვრება, სამუშაო გარემო კი გაუმჯობესდება, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომელთა სითბო ყველა თანამშრომელზე გადადის.

(R )