ვის დარჩება კახა ბენდუქიძის ქონება?

"შესაძლოა, ყველაფერი ანდერძმა გადაწყვიტოს"

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ყველასთვის მოულოდნელად გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ქონების შესახებ წლების განმავლობაში ლეგენდები დადიოდა. თუ მის მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციას გადავხედავთ, ბენდუქიძის ქონება მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. კახა ბენდუქიძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, "ცოდნის ფონდისა" და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი უძრავ ქონებას საქართველოსა და რუსეთში ფლობდა. მისი ქონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1 015 000 $ და 1 500 000 $-ად შეფასებული მიწის ნაკვეთები სოფელ გრიგოლეთში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ კახა ბენდუქიძე შეკვეთილშიც ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულებაც 962 500 დოლარია. რუსეთში კი, ის 580 000 და 230 000 აშშ დოლარად შეფასებულ ორ სახლს ფლობდა. მის სახელზე გაფორმებული იყო ოთხი ავტომობილი - ორი "ფოლკსვაგენ Toureg", რომელთა ღირებულებაც 30 000 და 64 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ასევე 26 000 დოლარის ღირებულების "ნისან პატრული" და 47 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი "ჰამერი."

რაც შეეხება ბენდუქიძის საბანკო ანგარიშებს, 2008 წლის დეკლარაციის მონაცემებით, მას, როგორც რუსულ, ასევე ქართულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები ჰქონდა გახსნილი. 2008 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, "თი-ბი-სი ბანკში" გახსნილ ანგარიშზე კახა ბენდუქიძეს 7 791 ლარი და 19 191 ევრო ერიცხებოდა. უცხოურ ბანკებში ბენდუქიძეს ასევე სოლიდური თანხები ერიცხებოდა: დეპოზიტზე 2 500 000 დოლარი, 806 720 მოქნილი ანაბარი ევროში და 144 438 დოლარი მიმდინარე ანგარიშზე. მოსკოვის სამრეწველო სავაჭრო ბანკში 5 571 რუბლი მიმდინარე ანგარიშზე, 3 361 დოლარი მოთხოვნამდე ანაბარზე. 307 576 დოლარი და 371 474 ევრო ერიცხებოდა HSBH-ში.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კახა ბენდუქიძე კვიპროსზე დარეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია "სამრეწველო ინვესტიციების" აქციონერიც გახლდათ. ასევე იყო შპს "ძირითადი ინვესტიციების" პარტნიორი, დახურული სააქციო საზოგადოება "არაპროფილური აქტივები ინვესტიციები სმი-ში" და დახურული სააქციო საზოგადოება "სამრეწველო პროექტების" აქციონერი. 2005 წელს კახა ბენდუქიძეს ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცა დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია, რომლის თანხაც 366 000 ლარს შეადგენდა. ყოფილ მინისტრს დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული, მაგრამ მისი საკუთრებაში შედის პრესტიჟული და ძვირადღირებული სასწავლებელი "თავისუფალი უნივერსიტეტი", ასევე ვაკის საცურაო აუზი, რომელსაც "ბენდუქიძის აუზსაც" უწოდებენ. ამბობენ, რომ კახა ბენდუქიძეს საკუთარი ინტერესები ჰქონდა ტელეკომპანია "ტაბულაშიც", რომლის ხელმძღვანელიც თამარ ჩერგოლეიშვილია.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან ბიზნესგამოცემებში კახა ბენდუქიძის სახელი არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაბადებული 58 წლის ბიზნესმენის ქონებას სხვადასხვა წყაროები ლამის უკვე 1-1,5 მილიარდ დოლარად აფასებენ, დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2003 წელს, რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლის წინ, ბენდუქიძის პირად ქონებას რუსი სპეციალისტები $64 მილიონად აფასებდნენ.

ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში ჩნდება კითხვა - ვის დარჩება ყოფილი მინისტრის მრავალათასიანი ქონება?- ამ შეკითხვით bpn.ge-მ ადვოკატებს მიმართა, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში კანონი საკმაოდ გამოკვეთილ და გარკვეულ პასუხს იძლევა.

ამირან გიგუაშვილი - ადვოკატი: კანონი და სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხს ცალსახად აწესრიგებს: საერთოდ, ქონება პირველი რიგის მემკვიდრეებს რჩებათ ანუ მეუღლეს, შვილებს და დედ-მამას. როგორც ვიცით, ბატონი კახა განქორწინებული იყო, ამიტომ მეუღლე პირველი რიგის მემკვიდრედ ვეღარ ჩაითვლება, თუ ყოფილმა მეუღლეებმა განქორწინების დროს ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფა მოახერხეს. თუ ასე არ არის, მაშინ მეუღლეს აქვს უფლება, რომ გარდაცვლილის ქონებაზე რაღაც პრეტენზიები ჰქონდეს. პირველი რიგის მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში, ქონება რჩებათ მეორე რიგის მემკვიდრეებს - დებს, ძმებს, დისშვილებს, ძმისშვილებს და ა.შ...…თუ მეორე რიგის მემკვიდრეებიც არ ჰყავს, ამ შემთხვევაში ქონების მიღების უფლება უკვე მესამე და მეოთხე რიგის მემკვიდრეებს აქვთ - კერძოდ, ბებიას, პაპას, ბიძებს, დეიდებს, მამიდებს და ა.შ...

ადვოკატების თქმით, თუ არც ერთი მემკვიდრე არ არსებობს, ან ყველა უარს ამბობს გარდაცვლილის ქონებაზე, მაშინ მისი მესაკუთრე უკვე სახელმწიფო ხდება: "მთავარი კი მაინც ის არის, რომ გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თითოეულმა მემკვიდრემ, რომელიც ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს, თავისი პრეტენზია ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს, მემკვიდრის საკითხი საბოლოოდ 6 თვის შემდეგ გაირკვევა. ცნობილია, რომ ბატონ კახას ჰყავს უახლოესი ნათესავები - დედა, და, ოჯახის წევრები, რომლებსაც სრული უფლება აქვთ მისი ქონების მფლობელები გახდნენ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც ანდერძმა უნდა თქვას. შესაძლოა, მას ანდერძი აქვს დატოვებული, ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორედ ანდერძის მიხედვით გადაწყდება", - თქვა ჩვენთან საუბრისას ამირან გიგუაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, დატოვა თუ არა კახა ბენდუქიძემ ანდერძი, ან ვის დაუტოვა თავისი ქონება, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში ყოფილი მეუღლე ნატალია ზოლოტოვაც ჰყავს მოხსენიებული. კახა ბენდუქიძის ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ნატალია ზოლოტოვა რუსეთში ცხოვრობს, ის ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნეა და კახა ბენდუქიძეზე 1999 წელს დაქორწინდა. ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას წინა ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს, პირველი მეუღლე კი - გარდაცვლილია.

ხათუნა ჩიგოგიძე

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Who will inherit Kakha Bendukidze’s wealth