მთავრობამ სათამაშო ბიზნესს დაუმიზნა

”აჭარაბეთთან” დაკავშირებით გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად, მილიონობით ჯარიმის თაობაზე ინფორმაცია არასწორია

მთავრობა სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურ გაკონტროლებას ცდილობს. ”რეზონანსის” ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიაში უკვე გაიგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურს ყოველდღიურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თითოეული დადებული ფსონისა და მოგება-წაგების შესახებ.

ფინანსთა სამინისტრო სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მომატებასთან ერთად, შეეცდება, ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდანაც მაქსიმალური თანხა მოაგროვოს. ამ მიმართულებით მთავრობის გადაწყვეტილება გასაგებია - ეს ის დარგებია, რომელთა წარმომადგენლებიც ხმამაღლა პროტესტს ვერ გაბედავენ, ვინაიდან საზოგადოების დიდი მხარდაჭერა არ ექნებათ.

ამჯერად სათამაშო ბიზნესში მთავარი სამიზნე სათამაშო სლოტ-აპარატები იქნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიებმა უკვე მიიღეს წერილები, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახური ყოველდღიურად უნდა იყოს ინფორმირებული თითოეულ ფსონთან დაკავშირებით - დადებული თანხა, მოგება, წაგება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ წერილია და კომპანიებს (მათი წარმომადგენლების თხოვნით კონკრეტულ კომპანიებს არ ვასახელებთ) აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანება არ მიუღიათ.

”რეზონანსის” ინფორმაციით, მზადდება სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც შემოსავლების სამსახური პირდაპირ სათამაშო ბიზნესში არსებული კომპანიების სერვერებიდან მიიღებს ინფორმაციას. გარდა ამისა, საგადასახადო რამდენიმე კომპანიას უკვე ამოწმებს, თუმცა იმის შიშით, რომ ფინანსთა სამინისტრო არ გადაიმტერონ, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაშიც გვთხოვეს, რომ კომპანიების სახელები არ დავასახელოთ.

”საგადასახადო მონიტორინგი და კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიების შემოწმება მუდმივად ხორციელდება. ეს შეიძლება იყოს სათამაშო ბიზნესი ან სხვა ეკონომიკური პროფილის კომპანია. შემოსავლების სამსახური მხოლოდ სათამაშო ბიზნესის სისტემურ შემოწმებას არ ახორციელებს”, - ამბობს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია მოისწრაფიშვილი.

სათამაშო ბიზნესიდან ყოველდღიური ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, აუდიტორი ირაკლი შავიშვილი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურს კანონი ამის უფლებას აძლევს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად სამართლიანია ეს კანონი. ”შემოსავლების სამსახურს კანონი აძლევს იმის უფლებას, რომ გადასახადის გადამხდელისგან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაბეგვრას უკავშირდება. რა პერიოდულობით შეუძლია ამის მოთხოვნა, კანონში განსაზღვრული არ არის. თავისთავად ასეთი რამ არასწორია, მე არ ვიცი, რა მიზნით ითხოვენ ინფორმაციას,” - ამბობს შავიშვილი და დასძენს, რომ არც ისაა გამორიცხული, ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მოთხოვნით სათამაშო ბიზნესს საფრთხე შეექმნას.

”ჩვენ რა ვიცით, რაში გამოიყენებენ ამ ინფორმაციას, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამით კანონი არ ირღვევა. უბრალოდ, საკითხავი ის არის, რამდენად სწორია ამ მხრივ კანონი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურას ამდენის უფლებას აძლევს”, - ამბობს ირაკლი შავიშვილი. რაც შეეხება ”აჭარაბეთს”, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას ამ კომპანიის დაჯარიმების შესახებ. მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ კომპანია 80 მილიონიდან 200 მილიონ ლარამდე დააჯარიმეს. საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი ”რეზონანსთან” განმარტავს, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, შესაბამისად, რაიმე თანხაზე საუბარი ნაადრევია.

”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდებას უკავშირდება. სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 218-ე მუხლით დაიწყო გამოძიება,” - ამბობს გიორგი გრძელიშვილი და აღნიშნავს, რომ ჯერ არც ის არის ცნობილი, რა რაოდენობის გადასახადზე მოხდა თავის არიდება - ”ეს შეიძლება იყოს დიდი ოდენობა, მცირე ან საერთოდ არ იყოს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას”.

”აჭარაბეთში” ამ დროისთვის ყველა სათამაშო აპარატი დახურულია. ”ნიუ პოსტის” ინფორმაციით, ”აჭარაბეთის” მარკეტინგის მენეჯერი ოთარ შალიკაშვილი განმარტავს, რომ შეიძლება იყოს მცირე ზომის გადაცდენა, რაც ასეთი დიდი კომპანიისთვის ბუნებრივია. ”ეს იყო გეგმური შემოწმება, რომელიც სისტემატურად ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დარღვევას აღმოაჩენენ, ბუნებრივია, კომპანია მას აანაზღაურებს. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და გადასახადებისგან თავის არიდება (რაზეც არის საუბარი) იურიდიული ფორმულირებაა ამ მცირე დარღვევებისა, რაც ძალიან ბუნებრივია ჩვენი მასშტაბის კომპანიისათვის”, - განაცხადა შალიკაშვილმა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”