ბიზნეს სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება კიდევ უფრო გამარტივდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ელექტრონულ საძიებო სისტემაში სასურველი ინფორმაციის მოძებნა დღეიდან კიდევ უფრო მარტივდება.

ელექტრონული პროგრამის საძიებო სისტემის ფუნქციონალის განახლების შედეგად, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ვებგვერდზე www.reestri.gov.ge რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები დამატებითი პარამეტრების მიხედვით მოიძიოს. კერძოდ, საძიებო სისტემას დაემატა ბიზნეს სუბიექტების მონაწილეთა ძებნის ფუნქცია, რომელიც პარტნიორების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ მონაცემების ძებნის შესაძლებლობას იძლევა (პირების პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრების, სახელის/გვარის, მოქალაქეობის მითითების გზით). გარდა ამისა, რეგისტრირებული სუბიექტების ძებნა შესაძლებელი გახდა მათი ელექტრონული ფოსტის და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული საძიებო სისტემა 2010 წლიდან მოქმედებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საჭირო ინფორმაცია მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე მოიძიოს.