რა პრობლემები ექმნებათ გადამზიდავ კომპანიებს თურქეთის საზღვარზე ?

”საბაჟოებზე სულ რიგებია. რიგში დგომისას შეიძლება ერთი დღეც კი დაკარგო”

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და გადამზიდავი კომპანიების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის, თუმცა ამ კომპანიების პრობლემებზე საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. ბოლო დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ მათ სარფის საბაჟოზე სერიოზული დაბრკოლებები ხვდებათ: იქმნება რიგები, მანქანებს დროულად ვერ ატარებენ, რის გამოც გადამზიდავი კომპანიებიც ზარალდებიან და მათი პარტნიორებიც, რომლებსაც კონტრაქტით შეთანხმებულ პირობებს ვერ უსრულებენ. გადამზიდავი კომპანიები შემოსავლების სამსახურს ამ პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. bpn.ge ამ კომპანიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მართალია, ზოგიერთი მათგანი გულახდილი საუბრისაგან თავს იკავებს, მაგრამ რამდენიმემ თავისი გულისტკივილი მაინც გაგვიმხილა: ”საბაჟოებზე სულ რიგებია. რიგში დგომისას შეიძლება ერთი დღეც კი დაკარგო, რაც გადამზიდავი კომპანიისათვის სასიკეთო სულაც არ არის. მარტო თურქეთში კი არა, გადამზიდავ კომპანიებს აზერბაიჯანის საზღვარზე ანუ წითელ ხიდზეც სერიოზული პრობლემები ხვდებათ” - გვითხრა კომპანია MSS Georgia -ს ხელმძღვანელმა ზურაბ თუშიშვილმა.

დაბრკოლებებზე გვესაუბრა ”სუპერნოვა ტრანსის” მენეჯერი ზაზა გოჩიტაიშვილიც: ”ეს სიტუაცია აუცილებლად კალაპოტში უნდა ჩადგეს. ზოგჯერ საბაჟოზე ასობით მანქანა დგას, ერთი მანქანა რომ დააგვიანებს და გაჩერდება, მერე უკვე რიგი დგება და გადამზიდავ კომპანიებს ამის გამო სერიოზული პრობლემები ექმნებათ. როდესაც სახელმწიფოს სატრანზიტო ქვეყანა ჰქვია, იქ ამგვარი დაბრკოლებები არ უნდა არსებობდეს. ასეთ დროს განსაკუთრებით ზარალდება ის, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია გადააქვს, რადგან მაცივარი აქვს ჩართული, ეს კი, მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. თანაც, ლოჯისტიკა ისეთი სფეროა, რომელიც პუნქტუალობას მოითხოვს: როცა შეგპირდებით, რომ ხვალ უნდა ჩამოგიტანოთ ლამაზი კაბა, ან ფეხსაცმელი, ხვალ უნდა ჩამოგიტანოთ და არა ხუთი დღის მერე. ჩემი აზრით, საბაჟოებზე არაკვალიფიციური მუშახელია დასაქმებული და პრობლემებიც ამის გამო იქმნება”.

bpn.ge შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც მიიჩნევს, რომ საბაჟოზე არსებული პრობლემები ქართული მხარის ბრალი არ არის:

- ჩვენი მებაჟეები ამ საკითხის გასარკვევად გადასული იყვნენ თურქეთში. როგორც თურქმა მებაჟეებმა განაცხადეს, მათ სისტემური პრობლემები ჰქონდათ, კერძოდ, ელექტროენერგიის წყვეტას ჰქონდა ადგილი და ამის გამო დაუგროვდათ საზღვარზე დიდი რაოდენობით მანქანები. გარდა ამისა, სხვა ობიექტური პრობლემებიც აქვთ. დაგვპირდნენ, რომ ეცდებიან სიტუაცია გამოასწორონ და მანქანები ნორმალურად გაატარონ. თურქული მხარე რომ რაღაცას ვერ აკეთებს, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. ქართული საბაჟო კი, იმდენად უახლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, იმდენად გამართულია, რომ ჩვენთან რაიმე სახის შეფერხება გამორიცხულია. ზაფხულში, როცა ძალიან დიდი ნაკადები იყო, პრაქტიკულად შეუფერხებლად ვიმუშავეთ, ახლა კი, არ არის ისეთი გადატვირთული სეზონი, რომ რაიმე შეფერხებას ჰქონდეს ადგილი. თურქებს მხოლოდ ორი გამშვები პუნქტი აქვთ და მანქანების ნაკადს დროულად ვერ ატარებენ, ამიტომაც გროვდებიან საზღვარზე მანქანები. ქართულ საბაჟოზე კი ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.