გაზიანი სასმელების შემდეგ Coca-Cola რძეს გამოუშვებს

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი გიგანტი თავისი წარმოების ულაქტოზო რძეს გამოუშვებს.

Fairlife - ასე ერქმევა Coca-Cola-ს ახალ პროდუქტს, რომელიც ამერიკული კორპორაციის წარმომადგენელთა განცხადებით, დიდ მოგებას მოიტანს. ბრიტანული ”ტელეგრაფის” ინფორმაციით, Coca-Cola-ს ახალი პროდუქტი ამერიკის სუპერმარკეტების დახლებზე მომავალი თვიდან გამოჩნდება და ამერიკაში სტანდარტულ რძეზე დაწესებულ ფასზე ორჯერ მეტი ეღირება.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Fairlife სასარგებლო თვისებებით იქნება გამორჩეული. ”ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქტში ცილები და კალციუმი 50%-ზე მეტი იქნება, შაქარი კი 30%-ზე ნაკლები. ეს იქნება ”პრემიუმ” კლასის რძე საუკეთესო თვისებებითა და გემოთი”, - განაცხადა კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა სენდი დუგლასმა.

მისივე განცხადებით, კორპორაციას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ახალი პროდუქტი მალე მოიპოვებს პოპულარობას და მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს პირველი ორი წლის განმავლობაში. ”მაგრამ როდესაც ბიზნესს სწორად წარმართავ, ის აუცილებლად მოიტანს დიდ მოგებას მოგვიანებით”, - აღნიშნა სენდი დუგლასმა.

თავის მხრივ, როგორც ”ტელეგრაფი” წერს Coca-Cola რძის ბაზარზე საკმაოდ მძიმე პერიოდში შედის. აშშ-ში ჩვეულებრივი რძის გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად იკლებს, თუმცა ამავდროულად მატულობს არომატიზირებული რძისა და მაღალი ცილის შემცველი რძის მწარმოებელთა შემოსავლები.

”ტელეგრაფის” ცნობით, აშშ-ში რძეზე ფასმა 2008 წლის შემდეგ იწყო მატება, როდესაც ჩინეთმა რძის ფხვნილისა და ბავშვთა კვების შეძენა უცხოეთში დაიწყო, მას მერე რაც ქვეყანაში ექვსი ჩვილი გარდაიცვალა, 300 ათასზე მეტი ბავშვი კი ადგილობრივად წარმოებული რძით დაინფიცირდა, რომელიც მელამინს შეიცავდა.

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola 1892 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიას მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი უალკოჰოლო სასმელების ექვსი ბრენდიდან ხუთი - Coca-Cola, Diet Coke, Fanta, Schweppes და Sprite ეკუთვნის.