გიორგი აბაშიშვილი: თბილისში ლატვიიდან ბიზნესმენთა საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა ჩამოვიდა

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, მით უფრო იმ ფონზე, რომ თბილისში ლატვიიდან ბიზნესმენთა საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა ჩამოვიდა.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია ორი ბიზნეს ფორუმი, ერთი - თბილისში დღეს და მეორე - ხვალ ბათუმში. "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამდენი ბიზნესმენი ერთად პირველად ჩამოდის საქართველოში. ეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ლატვიასა და საქართველოს შორის არის ძალიან დიდი პოტენციალი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტის შემდეგ ეს ყველაფერი რეალიზებული იქნება", - განაცხადა აბაშიშვილმა.