თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმი წელს უკვე მეორედ ტარდება და მასში საქართველოში მოქმედი 65 კომპანია მონაწილეობს. როგორც აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების კარიერული განვითარების და დასაქმების კოორდინატორი ნატა ბიწკინაშვილი აცხადებს, ფორუმში მონაწილე კომპანიათა რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი.

"წელს უკვე მეორედ ტარდება ფორუმი. პირველი ფორუმი ჩვენ 7 მარტს ჩავატარეთ. კომპანიების რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი. 7 მარტს მონაწილეობდა 42 კომპანია, ახლა კი 65 კომპანია მონაწილეობს და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და გასაუბრება შეუძლიათ როგორც თავისუფალი, ასევე აგრარული უნივერისტეტის სტუდენტებს", - აცხადებს ნატა ბიწკინაშვილი.

დასაქმების ფორუმში "პალიტრა მედია" მონაწილეობს. როგორც "პალიტრა მედიის" პერსონალის შერჩევის მენეჯერი თეა მორბედაძე აცხადებს, "პალიტრა მედია" ფორუმზე წარმოდგენილია რამდენიმე ვაკანსიით. "როგორც წესი, "პალიტრა მედია" ამ ფორუმშიც იღებს მონაწილეობას. საქართველოს ბაზარზე "პალიტრა მედია" ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ასეთი ფორუმები არის ძალიან კარგი შანსი სტუდენტებისთვის, დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში და მიღებული აკადემიური განათლება პრაქტიკაში გამოიყენონ. ამ ფორუმზე "პალიტრა მედია" წარმოდგენილია რამდენიმე ვაკანსიით და იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც წინა წლებში, ამ ფორუმის მონაწილეებიც მოხვდებიან ჩვენს კომპანიაში", - აცხადებს თეა მორბედაძე.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დასაქმების ფორუმი მომავალ წელსაც ჩატარდება.