ბობ მარლის სახელობის მარიხუანას გამოუშვებენ

ლეგენდარული იამაიკელი მუსიკოსის, ბობ მარლის ოჯახის წევრებმა მარიხუანას პირველი საერთაშორისო ბრენდის Marley Natural-ის ჩაშვების შესახებ განაცხადეს.

Marley Natural-ის პროდუქცია 2015 წლის ბოლოსთვის იმ ქვეყნებისა და აშშ-ის შტატების მაღაზიებში გამოჩნდება, სადაც მარიხუანას ლეგალიზაცია დაშვებულია. ამასთან ერთად, ბობ მარლის ოჯახის მიერ შექმნილი ახალი ბრენდი გაყიდვაში გამოუშვებს კანაფის შემცველ კრემებსა და ლოსიონებს, ასევე სხვადასხვა სახის აქსესუარებს.

”მამაჩემი ბედნიერი იქნებოდა ენახა, რომ ადამიანებს ესმით კანაფის სამკურნალო ძალა”, - აღნიშნა გარდაცვლილი მომღერლის ქალიშვილმა.

მარლების ოჯახის პარტნიორი სიეტლის საინვესტიციო ფირმა Privateer Holdings იქნება, რომელთანაც მომღერლის ოჯახმა 30-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. გარდაცვლილი ბობ მარლის ოჯახისთვის ეს პირველი კომერციული საქმიანობა არ არის. მომღერლის სახელის გამოყენებით, 2009 წელს იამაიკელი მუსიკოსის ოჯახმა კონტრაქტი გააფორმა კომპანია Helco Consumer Capital-თან, რომელიც ბობ მარლის სახელობის პროდუქციას ყიდის, დაწყებული ტანსაცმლიდან, დამთავრებული კომპიუტერული თამაშებით.

”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, ცნობილი ადამიანების რეიტინგში, ვინც გარდაცვალების შემდეგაც შემოსავლიანია, ბობ მარლი 20 მილიონი დოლარით მე-9 ადგილს იკავებს. ლეგენდარული იამაიკელი მუსიკოსი, რომელიც დღემდე რეგის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად რჩება, 1981 წელს 36 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

ბრიტანული გამოცემა ”გარდიანის” ინფორმაციით, 2013 წელს მარიხუანას ლეგალურმა გაყიდვებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, წელს კი ეს მაჩვენებელი 64%-ით გაიზრდება და 2,34 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

გაერო-ს მონაცემებით, იამაიკაში მარიხუანას მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები მოიხმარს. ქვეყანაში ასევე მკაცრად კონტროლდება მარიხუანას მოხმარება. ისრაელში, კანადასა და აშშ-ის 23 შტატში კანაფის გამოყენება ლეგალიზებულია სამედიცინო მიზნებისთვის. 2012 წელს კი კოლორადო და ვაშინგტონი გახდნენ პირველი შტატები, სადაც რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზება მოხდა.