თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა

თხილის ფასის ცვლილებამ სამეგრელოს მოსახლეობას იმედები გაუცრუა.

რამდენიმე დღის განმავლობაში 1 კგ თხილის ფასი თითქმის 10 ლარი იყო, თუმცა მალევე ისევ 7 ლარამდე დაეცა...

ემზარ მებონია, სოფელ დარჩელის მკვიდრი: ”ადამიანის ამბავი ხომ იცით, რომ შევატყვეთ ფასი იზრდებოდა, თხილის მხოლოდ ის რაოდენობა გავყიდეთ, რაც გადაუდებელი საჭიროებისთვის გვჭირდებოდა. მართალია, წელს მოსავალი შარშანდელის ნახევარიც არ არის – გვალვამ გააფუჭა, შესაბამისად ხარისხიც არ უვარგა, თუმცა მყიდველი მაინც ბევრი იყო, თანაც საკმაოდ მაღალ ფასში. ამის მიზეზად, თურქეთში ძლიერი ყინვა სახელდებოდა, რომელმაც მოსავალი მთლიანად გაანადგურა... მერე ფასი ერთბაშად შემცირდა და 6 ლარამდე ჩამოვიდა... ახლა თანდათან იწევს, გუშინ 7, 70 ლარი იყო, დღეს უკვე 7,80-ია, მაგრამ არ მგონია 10 ლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში გემი შემოვიდა და ამან გამოიწვია ფასის გაზრდა, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართალია. არადა, სულ რაღაც ერთი თვის წინ გვეუბნებოდნენ, 15 ლარზე ნაკლები არ იქნებაო”.

კობა ფაჟავა, ბიზნესმენი:

- რამდენიმე წელია თხილის ბიზნესში ვარ ჩართული და ასეთი რთული პერიოდი არ მახსოვს, - ყოველ წუთს იცვლება ფასი და რეალობა. ფასის ვარდნას, რამდენიმე მიზეზი აქვს, - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის არის, რომ წელს ძალიან უხარისხო მოსავალი მოვიდა. თავიდან თურქები და ადგილობრივი ბიზნესმენები დაეშურნენ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თავადაც გაუჭირდათ ასეთი უხარისხო თხილის რეალიზაცია. ამის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ შეწყდა თხილის ჩაბარება, ფასიც მკვეთრად დავარდა. თურქებმა საკუთარი კვოტა რომ ამოწურეს, ევროპაში გაიტანეს, ევროპა კი, როგორც წესი, მაღალ სტანდარტს ითხოვს. თურქების გარდა, ჩვენც გვაქვს ჩვენი ურთიერთობები ევროპელ ბიზნესმენებთან, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, - ამ ხარისხის თხილს თუ გადავყრით, თორემ ვერაფერში გამოვიყენებთო.

-ადრეც ხომ გადიოდა ქართული თხილი ევროპაში, რამ გამოიწვია ასეთი დაბალი ხარისხის მოსავალი?

- მართალია, როგორც თურქი, ისე ადგილობრივი ბიზნესმენები ამას გლეხს აბრალებენ, გლეხები კი სასუქის ხარისხს უჩივიან. სწორედ იქ, სადაც თხილი განსაკუთრებული ხელშეწყობისა და სასუქის გარეშე არ მოდის, ძალიან დაბალი ხარისხის მოსავალი მოვიდა, თითქმის დამპალია. ასეთი მოსავლის რეალიზაცია ძნელია. წელს სასუქი სახელმწიფომ დაარიგა, თურქული წარმოების იყო. არ არსებობს ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მის ხარხის შეამოწმებს.

- ხარისხიან თხილზე რა ფასს ელოდებით თქვენი გათვლით?

- დარწმუნებული ვარ, რომ ხარისხიანი თხილის ფასი რამდენიმე დღეში 12 ლარი გახდება... რაც შეეხება ადგილობრივი გლეხის მოლოდინს, ფოთში ჩამომდგარ გემთან დაკავშირებით, - ეგ არარეალურია, რადგან გემს მოსავლის მხოლოდ 2% გააქვს, დანარჩენი კი კონტეინერებით გადის გერმანიასა და ესპანეთში.

"საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთის ქვეყნებში 137,2 მლნ დოლარის ქართული თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 16%-ით მეტია, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უცხოეთის ბაზრებზე მხოლოდ ოქტომბერში 30 მლნ აშშ დოლარის თხილი გავიდა ექსპოტზე. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის 10 თვეში 117,662 მლნ დოლარის თხილია ექსპორტირებული. ერთი წლის განმავლობაში ქართული თხილის წილი ექსპორტში 5,1%-დან 5,7%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თხილი საექსპორტო პროდუქციათა შორის მეხუთე ადგილზეა.

ლალი პაპასკირი