კომპანია "არდი" ეკონომიკურ საბჭოს სახელმწიფო ტენდერებში არსებული პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს

სადაზღვევო კომპანია "არდი" პრემიერის ეკონომიკური საბჭოსგან გადაუდებელ რეაგირებას ითხოვს.

სადაზღვევო კომპანია "არდი" პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს მიმართავს და სახელმწიფო ტენდერების სფეროში არსებული პრობლემებით სასწრაფო დაინტერესებას ითხოვს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "არდიმ", საკუთარი კლიენტი ორგანიზაციების ინტერესების დაცვის მიზნით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა ხელისუფლებას, რომ ამ პრობლემისთვის ყურადღება მიექცია. "ჩვენი მიმართვა - "სახელმწიფო ტენდერები ბიზნესისთვის მახედ იქცა" მედია საშუალებებით გავრცელდა. თუმცა, განცხადება სავარაუდოდ ცალკეული კომპანიის პირად პრობლემად ჩათვალეს და რეაგირების გარეშე დარჩა. არადა, ჯანსაღი ქართული სამშენებლო კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება",- აცხადებენ "არდიში".

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ათეულობით ჩაშლილი და კიდევ უფრო მეტი დაუსრულებელი ტენდერი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს: "წინა ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ, მძიმე დღეში ჩააგდო სამშენებლო კომპანიები, ახალი ხელისუფლების მხრიდან ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სისტემური ნაბიჯები არ გადადგმულა. პროცესები აშკარად დაგვიანებულია და თუ მთავრობამ დღეს მაინც დროული გადაწყვეტილებები არ მიიღო, ქვეყანაში ჯანსაღი კომპანიები თითზე ჩამოსათვლელი დარჩება",- ამბობენ სადაზღვეო კომპანიაში.

"არდიში" ფიქრობენ, რომ "პრობლემას ქმნის სახელმწიფოებრივი მიდგომების არარსებობა და შესყიდვების სფეროში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეების არაპროფესიონალიზმი, რომელიც ეფუძნება მოხელის პანიკურ შიშს, რომ თუ მაქსიმალური დამსჯელობითი სიმკაცრით არ მიუდგება კონტრაქტორს, ამას კანონდარღვევად ჩაუთვლიან და დასჯიან. ამის გამო, პროექტის მართვის ნაცვლად მოხელეები ნებისმიერ წვრილმანზე, პატივსადები მიზეზების გაუთვალისწინებლადაც კი წყვეტენ კონტრაქტს და მიმწოდებელს აკისრებენ ყველა ტიპის ჯარიმას. შედეგად ფაქტობრივად, მივიღეთ სიტუაცია, როცა მოხელე დაინტერესებულია არა პროექტის წარმატებით დასრულებით, არამედ საკუთარი თავის დაცვით".