გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ინვესტორებს 900 მილიონიან ბაზარს უხსნის

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სერიოზულ პოტენციალს აძლევს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი, ანდრის ბერზინში ესწრება.

"ხაზგასასმელია, რომ ეს ნაბიჯი არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული და საქართველოს, როგორც ქვეყანას, არ უზღუდავს სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე იმ ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც საქართველოს მანამდე ჰქონდა ამ მიმართულებით. თუ ჩვენ ჯამში შევაფასებთ იმ პოტენციალს, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს შეექმნა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ერთი მხრივ, 500 მილიონიან ევროპულ ბაზარს ვუხსნით ინვესტორს, ასევე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება თურქეთთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან. ეს ნიშნავს, რომ ჯამში ჩვენ ინვესტორებს დაახლოებით 900 მილიონიან ბაზარს ვუხსნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავის ბიზნესს განახორციელებენ საქართველოში", -განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ის ტრადიციული როლი, რომელიც საქართველოს უკავია ბიზნესის კუთხით, ის გეოპოლიტიკური როლი, რომელიც ჩვენ გვიკავია და რომლიდან გამომდინარეც, საქართველოს არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა.