"IDS ბორჯომში" აცხადებენ, რომ ფალსიფიცირებული პროდუქციის მომხმარებლის ხელში მოხვდრას არ დაუშვებენ

არ დავუშვებთ, რომ ფალსიფიცირებული პროდუქცია მომხმარებლის ხელში მოხვდეს.

ამის შესახებ კომპანია "IDS ბორჯომის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ბაღდავაძემ მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის რამდენიმე პირის დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"საქმე გვაქვს ერთეულ შემთხვევასთან, ერთი მხრივ, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები და მეორე მხრივ, ჩვენი კომპანია ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა საფუძველშივე აღკვეთილი იყოს მსგავსი ქმედებები. ეს აქტიც სწორედ ამის დასტური და მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ბაზარს და არ დავუშვებთ, რომ ასეთი ტიპის პროდუქცია მოხვდეს მომხმარებლის ხელში", - განაცხადა ბაღდავაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბორჯომსა და ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, ქართული მინერალური წყლების ფალსიფიცირების ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია გელა მელაძე, მიხეილ წიქარიშვილი, კახა გოგოლაძე, ჯემალ ბლიაძე და პაატა ტალახაძე. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები საცხოვრებელ სახლებში ახდენდნენ კუსტარული წესით, სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ფალსიფიცირებული მინერალური წყლების, ,,ბორჯომის", "ლიკანის" და "ნაბეღლავის" დამზადება-რეალიზაციას. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი კომპლექსური (ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური) ექსპერტიზა, რითაც დადასტურებულია დამზადებული პროდუქციის უხარისხობა და დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მოხმარებისთვის უვარგისი, დიდი ოდენობით "ბორჯომი", "ლიკანი" და "ნაბეღლავი".