ლარის გაუფასურებამ ავტობიზნესი გამოაცოცხლა

”მანქანები კიდევ უფრო მეტად ვერ გაიაფდება, ეს წარმოუდგენელია”

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ავტომობილების რეალიზაციამ დაახლოებით 5%-ით მოიმატა. ავტოიმპორტიორები გაყიდვის ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. მათი აზრით, სავალუტო რყევამ ავტობაზარი გამოაცოცხლა. იმპორტიორები შიშობენ, რომ ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და როგორც კი კურსი დაბალანსდება, პრობლემა თავს ისევ იჩენს.

ტრადიციისამებრ წინასაახალწლო პერიოდი ავტობიზნესს საქართველოში ყოველთვის წყალობს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, წლის ამ პერიოდში რეალიზაცია იმატებს, თუმცა ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პროცესებმა ავტობაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

კომპანია ”რობანი მოტორსის” დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე აღნიშნავს, რომ რეალიზაციის ზრდის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე არასახარბიელო სიტუაციაა. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში იმპორტთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ ავტობიზნესი ძალიან დააზარალა. ამას დაემატა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში, რის გამოც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესუსტდა. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც მანქანების რეალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს.

”ის, რომ ბოლო ერთ თვეში ავტობაზარი გამოცოცხლდა, იმპორტიორებისთვის იმედისმომცემი არ არის. სინამდვილეში რაც მოხდა, წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, კურსის ცვალებადობამ მომხმარებელი ავტობაზრისკენ შემოაბრუნა. მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა, ვისაც ამის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად ჰქონდა, თავს მისცა უფლება, შეეძინა ავტომობილი. ისინი ცდილობდნენ, ყველაფერი ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებამდე მოესწროთ. პანიკა მოსახლეობაში ნამდვილად იყო და ამან ჩვენს ბიზნესზე სასიკეთოდ იმოქმედა. სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, გაყიდვის მაჩვენებელმა ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, 10 დეკემბრამდე 5%-ით მოიმატა. არსებულ პრობლემას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ხანგრძლივ პერიოში ამ ტენდენციას ვერ შევინარჩუნებთ. როგორც კი პანიკა ჩაცხრება, ავტობაზარიც არასახარბიელო რეალობას დაუბრუნდება”, - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

მისი ინფორმაციით, რეალიზაციის ზრდა ძვირადღირებულ ავტომობილებს არ შეეხო, ძირითადად, 2000-5000 დოლარად ღირებული ავტომანქანები გაიყიდა, მყიდველისთვის მანქანის მოდელი პრიორიტეტი არ ყოფილა. ავტოიმპორტიორთა განცხადებით, ავტომანქანების რეალიზაციაზე ცუდად დაბეგვრის რეჟიმის სიმძიმეც მოქმედებს.

”შეიძლება სხვა ქვეყნებს უფრო მეტი გადასახადი აქვთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მაღალია და ხალხს ამ მხრივ არ უჭირს. საქართველოში პირიქითაა, ხალხს არ აქვს შემოსავალი და 5000-დოლარიანი ავტომანქანის განსაბაჟებლად 1000 დოლარის გადახდას ბევრი ვერ ახერხებს. რთული სიტუაციაა, ვეჭვობ, წინასაახალწლო სეზონის გავლენა ატვობაზარს სასიკეთოთ დაეტყოს, პროცესის ასეთ განვითარებას არ ველოდები”, - აცხადებს რეზო ჯიბლაძე, ავტოიმპორტიორი.

ავტოდილერმა გოჩა ნარიმანიძემ ევროპიდან ავტომანქანების ახალი პარტია ოქტომბერში ჩამოიყვანა. როგორც ამბობს, მხოლოდ 2 მათგანის გაყიდვა მოახერხა. იგი ფიქრობს, რომ მომხმარებელს გაიაფების მოლოდინი აქვს, რაც ფუჭი ოცნებაა.

”ტოიოტასა” და ”ბეემვეს” მარკის რამდენიმე ავტომობილი ჩამოვიყვანე. 2 გავყიდე, რადგან წინასწარ მიღებული შეკვეთა იყო. რამდენიმე შემეხმიანა კიდეც, მაგრამ შეძენისგან თავი შეიკავეს, უბრალოდ, ავტომობილები დაათვალიერეს და დამემშვიდობნენ იმ განწყობით, რომ ბაზარზე არსებულ ცვლილებას თვალს მიადევნებენ. მომხმარებელი ელოდება, რომ ავტომობილის ფასი დაიწევს, ეს ფუჭი ოცნებაა. ამ პერიოდში მანქანებს ვერავინ გააიაფებს, მით უმეტეს შედარებით ახალს, რომლის შესყიდვა ადგილზეც ძვირად გვიწევს. ჩვენი მოგება ისედაც შემცირებულია და ფასი დაბლა ვერ ჩამოვა, ეს წარმოუდგენელია”, - აცხადებს ავტოდილერი.

იმპორტიორთა ნაწილის განცხადებით კი, მოთხოვნა ჯერჯერობით სტაბილურია და ტენდენცია 2-3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

”ბოლო ერთი თვეა, მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა, თუმცა ამ პროცესს გაჯანსაღებას ვერ დავარქმევთ. მოთხოვნა არ არის ისეთი აქტიური, როგორიც წინა წლებში იყო, მაგრამ ცუდიც არ ეთქმის. სტაბილურობას ჯერჯერობით ვინარჩუნებთ. წინასაახალწლოდ რამდენიმე შეკვეთა გვაქვს. სეზონმა გაყიდვა მეტ-ნაკლებად წაახალისა. ამას დოლარის ფაქტორიც დაემატა და ავტომანქანის მსურველებს მოტივაცია გაუჩნდათ. ვფიქრობთ, ტენდენციას მომდევნო 2-3 თვეშიც შევინარჩუნებთ”, - ამბობს ვაკო წურწუმია, ინდმეწარმე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”