იაპონიაში წყალბადის ძრავზე მომუშავე ავტომობილის გაყიდვა დაიწყეს

2030 წელს იაპონიაში ყოველი მეათე მანქანა წყალბადზე იმუშავებს

იაპონიაში წყალბადის ძრავზე მომუშავე მსოფლიოში პირველი ავტომობილის გაყიდვები დაიწყო. იაპონური კომპანია Toyota-ს მიერ გამოშვებულ ახალ მოდელს Mirai ერქმევა, რაც იაპონურიდან თარგმანში ”მომავალს” ნიშნავს. მანქანის ელექტროძრავისთვის ენერგია წყლისა და ჟანგბადის რეაქციის შედეგად გამომუშავდება. მას ექნება წყალბადის ორი ავზი, რომელიც სრულად აივსება 3 წუთში. ოთხადგილიანი სედანის სიგრძე - 4 870 მმ, სიგანე - 1810 მმ, სიმაღლე კი 1 535 მმ იქნება.

Toyota-ს წარმომადგენელთა განცხადებით, იაპონიაში წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ იმდენად გადააჭარბა მოსალოდნელ პროგნოზს, რომ 2015 წლის ბოლოსთვის კომპანია 162 მილიონ დოლარს დახარჯავს წყალბადის ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოებაზე. პირველ ეტაპზე იაპონური კონცერნი 700 ავტომობილს გამოუშვებს, რომელთაგან 400 ადგილობრივ ბაზარზე იქნება ხელმისწავდომი, 200 - ამერიკულ ბაზარზე, 100 მანქანა კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაიყიდება. თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, Toyota-ში აცხადებენ, რომ ახალი სედანის რაოდენობას მომავალი წლისთვის 2 100-მდე გაზრდიან. 2017 წლისთვის კი ავტოკონცერნი აშშ-ის ბაზარზე 3 ათასზე მეტი Mirai-ს გატანას გეგმავს.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, უახლოეს წლებში წყალბადზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა გაცილებით გაიზრდება და 50 ათასს მიაღწევს 2020 წლისთვის, როდესაც ტოკიო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 2030 წელს კი იაპონიაში ყოველი მეათე მანქანა წყალბადზე იმუშავებს.

”Mirai-ში ბევრი რევოლუციური ტექნოლოგიაა გაერთიანებული და ამიტომ საბოლოო ეტაპზე თითოეული მანქანის აწყობა ძალიან ფრთხილად უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ”ტოიოტას” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მიცუისა კატომ.

ახალი სედანის ღირებულება იაპონიაში 60 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან ერთად, ხელისუფლებამ 17 ათასი დოლარი გამოუყო თითოეულ მომხმარებელს სუბსიდიის სახით. გარდა ამისა, წყალბადზე მომუშავე ავტომობილის მფლობელებს კომპანია Toyota გზაზე 24-საათიანი დახმარების აღმოჩენასა და ელექტროძრავზე 8-წლიან გარანტიას სთავაზობს.

იხილეთ ვიდეო