"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ენერგომომარაგებას "თელასი" უზრუნველყოფს

სს "თელასმა" და შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" ენერგომომარაგების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, თბილისის მეტროპოლიტენის მფლობელი კომპანიის ელექროენერგიით მომარაგებას დეკემბრიდან სს "თელასი" უზრუნველყოფს. აღნიშნული კონტრაქტის მეშვეობით "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ენერგომომარაგების საიმედოობა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო დანახარჯები ელექტროენერგიის შესყიდვაზე სტაბილური გახდება.

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ყოველწლიურად 65 მილიონ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. სს "თელასის" და შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შორის დადებული ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ანალოგიური ხელშეკრულება სს "თელასმა" მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შპს "სინათლის ქალაქთან" გააფორმა. კომპანია "სინათლის ქალაქი" თბილისის გარე განათებას უზრუნველყოფს.