ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ბენზინის ფასებთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოსგან 10 დღის ვადაში ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ არ ხდება საქართველოში ბენზინის ფასის კლება მსოფლიო ბაზრის ადეკვატურად.

განცხადება ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. "კონკურენციის სააგენტოს დავავალე მუშაობა და მოვკითხე პასუხი, თუ რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასების შესწავლა და კონტროლი. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასებმა რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო. ჩვენდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ასე რომ, მინდა კონკურენციის საგენტოს ვთხოვო, 10 დღის ვადაში საზოგადოებას წარუდგინოს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე ვიცი, რომ ბენზინის ფასმა საქართველოში დღეს დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური და მსოფლიო ბაზართან შესაბამისი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური კონკურენციის სააგენტოსგან დეტალურ ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში ელოდება.