Apple-მ რუსეთში პროდუქცია გააძვირა

რუსეთში შექმნილი კრიზისის გამო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის პროდუქცია თანდათან ხელმიუწვდომელი ხდება.

რუსული რუბლის კატასტროფული ვარდნის გამო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთში Apple-ის პროდუქციაზე ფასი მეორეჯერ გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს 16 გიგაბაიტი მეხსიერების მქონე iPhone 6-ზე ფასი ერთბაშად 10 ათასი რუბლით გაიზარდა და 39 990 რუბლიდან 44 990 რუბლი შეადგინა, 64 გიგაბაიტიანი iPhone 6-ის სანაცვლოდ, მსურველებს ახლა უკვე 49 990 რუბლის გადახდა მოუწევთ (46 990 რუბლი).

საგრძნობლად მოიმატა iPhone 6 Plus-ის ფასმაც, რომლის ღირებულებამ 51 990 რუბლი შეადგინა (46 990 რუბლი). რუსეთში Apple-ის პროდუქციაზე ფასებმა პირველად ნოემბრის ბოლოს, ერთბაშად 25 პროცენტით მოიმატა. რუბლის კურსის ვარდნის გამო გუშინ ტექნოლოგიურმა გიგანტმა რუსეთში ასევე შეაჩერა ინტერნეტ-მაღაზია Apple Store-ის მუშაობაც.

რუსული მედიის ცნობით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ზოგიერთი ტუროპერატორი უარს ეუბნება კლიენტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სანაცვლოდ ტურისტული მომსახურების შესრულებაზე.

არსებული ინფორმაციით, ტურისტული კომპანიები მომხმარებლებს დამატებითი თანხის დამატებას ან ტურით გათვალისწინებული დღეების შემცირებას სთხოვს. დღესვე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში რუბლის ვარდნამ სასურსათო და არასასურსათო პროდუქციაზე ფასების მატება გამოიწვია.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, უცხოური ალკოჰოლის მიმწოდებლებმა რითეილერებისთვის პროდუქციაზე ფასი 15-20%-ით გაზარდეს, ჩაისა და ყავაზე კი 25-30 პროცენტით. გაზეთი ”ვედომოსტი” კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა მსხვილმა საკაბელო ტელეარხებმა მომხმარებლებს უკვე გაუგზავნეს შეტყობინება ხელშეკრულების გადახედვისა და მაუწყებლობის სანაცვლოდ ფასების გაზრდის თაობაზე.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ 67,7851 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ღირებულებამ კი 84,5890 რუბლს მიაღწია.