ვახტანგ აბაშიძე: ჩვენი მიზანი სარეკლამო ბაზრის მოწესრიგებაა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი სარეკლამო ბაზრის მოწესრიგება და მისი განვითარებისათვის ბიძგის მიცემაა.

ეს კი, აბაშიძის განაცხადებით, რეკლამის დამკვეთის, სარეკლამო კომპანიების, სამაუწყებლო კომპანიების და მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. "რისკებზე საუბრისას სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენელთა გარკვეული მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები ძალიან კარგად მესმის. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესშია განსახილველი. ყველა ლოგიკურ, არგუმენტირებულ წინადადებას და აზრს აქამდეც ვიზიარებდით და მომავალშიც გავიზიარებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ აბაშიძემ.

აბაშიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით სატელევიზიო რეკლამა რაოდენობრივად შემცირდება, მაგრამ გაძვირდება რეკლამის ფასი, განსაკუთრებით კი "პრაიმ-ტაიმში". "ახალი რეგულაციების მიღების შემთხვევაში არ მგონია, სარეკლამო ფასმა 15%-ზე მეტად მოიმატოს. სწორედ ამ პროცესში მოხდება რეკლამის რაოდენობრივი გადანაწილება - ის გადანაწილება, რისი ინტერესიც გააჩნიათ სხვა მაუწყებლებს, მათ შორის რეგიონალურ ტელევიზიებს", – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მთავარი არსიც სატელევიზიო რეკლამის დროის ლიმიტირებაში მდგომარეობს, პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წარუდგენს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ინიცირებას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განახორციელებს.

პროექტით, სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა იზღუდება და კანონის საფუძველზე მცირდება. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2015 წლიდან სარეკლამო ჭრა (სარეკლამო და სასპონსორო ბლოკი) იქნება არაუმეტესს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში, რაც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ "გაიჭრება". გარდა ამისა, პროექტით შეთავაზებულია, რომ ახალი ამბების პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. ასეთივე ტიპის შეზღუდვა ეხება საბავშვო პროგრამებს, მხატვრული ფილმის რეკლამით წყვეტას.

მარეგულირებელი კომისია აღნიშნული პროექტის მომზადებას ევროდირექტივების შესრულების ვალდებულებას უკავშირებს.