საქართველოში პურის ფქვილის ფასის მომატებას პროგნოზირებენ

როგორც ქართველი მეხორბლეები ვარაუდობენ, 1 ტომარა ფქვილი 4 ლარით გაძვირდება, თუმცა ცვლილება პურის ფასზე არ აისახება მათივე პროგნოზით, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეჩერება ქართულ ბაზარს ვერ დააზარალებს.

როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, მომხმარებელი არ დაზარალდება და პურის როგორც ფასს, ასევე ხარისხსაც შეინარჩუნებენ. ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ რუს ექსპორტიორებთან დადებული კონტრაქტები წლის ბოლომდე შესრულდება. მომავალი წლიდან კი იმპორტისთვის ალტერნატიული ბაზრები გაჩნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ხორბალს ყაზახური და უკრაინული მოსავალი ჩაანაცვლებს. თუმცა, არ არის გამორიცხული ხორბლის შესყიდვა თურქეთიდან და სომხეთიდანაც განხორციელდეს.

რუსეთმა რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. უცხოელი ექსპერტები განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლების პირობის მიუხედავად, არ დაეწესებინათ საგარეო ბაზარზე ხორბლის გატანის შეზღუდვა, ”როსსელხოზნადზორი” ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გაცემას მაინც ზღუდავს. რუსეთის ქმედების მთავარ მოტივად კი, ქვეყნის შიგნით კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა სახელდება.