გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ტურიზმისა და მოგზაურობის მეორე სხდომაზე" გიორგი ჩოგოვაძემ დაინტერესებულ პირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო, სტრატეგიისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2015 წლის განმავლობაში მარკეტინგული გეგმების, შიდა ტურიზმის სტიმულირებისათვის განკუთვნილი აქტივობების, ტურისტული პროდუქტების განვითარების, ინფრასტრუქტურული საკითხების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და პროექტების მხარდაჭერას გეგმავს.

მათივე განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მსოფლიოში უდიდესი ბიზნესორგანიზაციაა, სადაც 6,5 მილიონი ბიზნესის წარმომადგენელი და 12 000-ზე მეტი სავაჭრო პალატაა გაერთიანებული. საერთაშორისო სავაჭრო პალატა კონსულტაციებს რეგულარულად უწევს G-8-ს, G-20-ს, მსოფლიო ბანკს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. საქართველოში სავაჭრო პალატა უდიდესი გლობალური ბიზნესასოციაციაა, რომელიც 350-ზე მეტ კორპორაციას და 24 ბიზნესასოციაციას მოიცავს.