"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მთავარი არსიც სატელევიზიო რეკლამის დროის ლიმიტირებაში მდგომარეობს, პარლამენტში ინიცირებულია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ინიცირება პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განახორციელა, რომელიც საკითხს ხვალ, პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტით სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა იზღუდება და კანონის საფუძველზე მცირდება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2015 წლიდან სარეკლამო ჭრა (სარეკლამო და სასპონსორო ბლოკი) იქნება არა უმეტეს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში, რაც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ "გაიჭრება". გარდა ამისა, პროექტით შეთავაზებულია, რომ ახალი ამბების პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ. ასეთივე ტიპის შეზღუდვა ეხება საბავშვო პროგრამებს, მხატვრული ფილმის რეკლამით წყვეტას.

მარეგულირებელი კომისია აღნიშნული პროექტის მომზადებას ევროდირექტივების შესრულების ვალდებულებას უკავშირებს.