რუსეთში ქართული მინერალური წყალიც ძვირდება

”ჩრდილოეთის ბაზარი კომპანიებისთვის არასტაბილურია, რის გამოც მათ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ”

ქართული მინერალური წყლები რუსეთში 4-5%-ის ფარგლებში გაძვირდა. ფასის ზრდა ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო კრიზისმა განაპირობა. 2014 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ჩრდილოეთში მინერალური წყლების ექსპორტი უკვე 100%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს რუსეთში 33,743,6 აშშ დოლარის მინერალური წყალი იყო ექსპორტირებული (სულ 31,813,743.3 ლიტრი). 2014 წლის იანვარ-ნოემბერში კი ექსპორტმა 62,909,3 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გადაზიდვის მოცულობა 62,93,302.7 ლიტრით განისაზღვრა.

საფასო ცვლილების მიუხედავად, რუსეთში ქართულ მინერალურ წყლებსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოთხოვნა დიდია. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი ამ პროდუქციის ექსპორტისთვის შთამბეჭდავია. მარტო ნოემბერში ქვეყნიდან უცხოეთის ბაზრებზე 7 მლნ დოლარის მინერალური წყალია გატანილი. საექსპორტო პროდუქციაში მინერალურ წყლებს მეექვსე პოზიცია უკავია. მისი წილი კი ერთი წლის განმავლობაში 3,6%-დან 5%-მდე გაიზარდა.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთში რუბლის დევალვაციას პროდუქტის, მათ შორის, ქართული მინერალური წყლის გაძვირება მოჰყვა. ცნობილია, რომ მინერალურ წყალზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო. აქედან გამომდინარე, ექსპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა 2006 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. რუსულმა ემბარგომ, ერთი მხრივ, ქართული მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს ბევრი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ახალ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობის მოტივაციაც გაუჩინა. მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა ემბარგოს მოხსნის შემდეგ, როცა ქართული მინერალური წყალი ძირითად საექსპორტო ბაზარს დაუბრუნდა. ამ ეტაპზე რუსეთში ყველაზე მეტი სწორედ ღვინო და მინერალური წყალი შედის.

პირველობას არ თმობს ”ბორჯომი”. კომპანიას სრულად აქვს ათვისებული პოსტსაბჭოთა სივრცე და ევროპის უდიდესი ნაწილი. დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთში ”ბორჯომის” ექსპორტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. რაც შეეხება პროდუქტის ფასს, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნოემბრიდან მოყოლებული, ”ბორჯომი” რუსეთის სავაჭრო ქსელებში 4%-ით გაძვირდა. ოქტომბრის მონაცემებით, 0,5-ლიტრიანი შუშის ბოთლის ”ბორჯომი” 79,90 რუბლი ღირდა. ამდენივე იყო 1-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლის ”ბორჯომის” ფასიც, ხოლო 0,5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლის მინერალური წყლის ფასი 56 რუბლი იყო. ამ ეტაპზე რუსეთში ის 62,90 რუბლად იყიდება. 1-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლის ”ბორჯომი” კი 84 რუბლი ღირს. როგორც ვხედავთ, ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე 5 რუბლითაა (დაახლოებით 18 თეთრით) გაძვირებული. ეს შეიძლება ამა თუ იმ სავაჭრო ქსელების გადაწყვეტილება იყოს, თუმცა მომხმარებლისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მედიისთვის მინერალური წყლების კომპანიებისგან ინფორმაციის მიღება ბოლო დროს თითქმის შეუძლებელია. მაშინ, როცა ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებლებზე ინფორმაცია ყოველთვიურად ვრცელდება, მინერალური წყლების ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს ამ მონაცემების გასაიდუმლოებას, რის გამოც ექსპორტზე ცნობები პრესის ფურცლებზე იშვიათად ხვდება, ისიც დაგვიანებით და მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემები.

მიუხედავად იმისა, რომ ”რეზონანსი” მინერალური წყლების მწარმოებელ თითქმის ყველა კომპანიას დაუკავშირდა, პრესასთან საუბარი მხოლოდ ”საირმემ” ისურვა. კომპანიის ექსპორტის დირექტორი ირაკლი კირვალიძე ამბობს, რომ წლევანდელი საექსპორტო მონაცემები საუკეთესოა, თუმცა კონკრეტული მაჩვენებლების დასახელებისგან მანაც თავი შეიკავა. ”საირმეს”, ფინანსური რისკიდან გამომდინარე, რუსულ ბაზარზე სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება უჭირს.

”წინა წელთან შედარებით, ექსპორტი ბევრად გაზრდილია. მიუხედავად ამისა, რუსეთში საფასო პოლიტიკა გაუგებარია და ამ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ. რუბლის არასტაბილურობის გამო, კომპანიები გაურკვევლობაში ვართ და ველოდებით, ვითარება როდის დარეგულირდება. მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს, შესაბამისად, რისკიც დიდია”, - აცხადებს კირვალიძე.

სპეციალისტების ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებით ექსპორტის მოცულობამ, ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე, მნიშვნელოვნად მოიმატა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ამ ქვეყანაზე მოდის ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი და მინერალური წყლების მეოთხედზე მეტი. ღირებულებითი ფორმით კი მან 2005 წლის პიკურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ძირითადი ტენდენცია, რაც ქართული მინერალური წყლის ბაზარს რუსეთში ახასიათებს, მოთხოვნასთან ერთად, უპრეცედენტოდ მაღალი ფასია. მისი ინფორმაციით, რუსეთში 1 ლ ქართული მინერალური წყლის ფასი ამავე მოცულობის ღვინის საექსპორტო ფასს უტოლდება.

”ქართული მინერალური წყლის ღირებულება, ემბარგომდელ ფასთან შედარებით, გაოთხმაგებულია. მოთხოვნა იქ ყოველთვის იქნება. მესმის, რომ დღეს რუბლის კურსი ექსპორტიორებს გაურკვევლობაში ამყოფებს. რუსეთის ბაზარი მათთვის არასტაბილურია, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. სტრატეგიის სწორად განსაზღვრასაც ბევრი ვერ ახერხებს. ამ პირობებში ხელს აძლევთ თუ არა ჩრდილოეთის ბაზარზე ორიენტაცია, ეს მათი გადასაწყვეტია. მინერალური წყლის კომპანიების საქმიანობა რუსეთში, არსებული პრობლემების გამო, საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს და ექსპორტიორებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული”, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”