2014 წლის ყველაზე საინტერესო ”სტარტაპები”

"სილიკონის ველზე" Thumbtack-ს ყველაზე მასშტაბურ სტარტაპს უწოდებენ, რომლის შესახებ არასდროს გსმენიათ.

ჟურნალი "ფორბსი" 2014 წლის ყველაზე საინტერესო "სტარტაპების" რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც ის კომპანიები მოხვდნენ, ვინც 2014 წელს კერძო კაპიტალი მიიზიდეს. საერთო ჯამში, რეიტინგში მოხვედრილმა კომპანიებმა ინვესტორებისგან 43 მილიარდი დოლარი მიიღეს.

Zenefits

ინვესტორების შეფასება: 650 მილიონი დოლარი.

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 580 მილიონი დოლარი.

2013 წელს დაფუძნებული კომპანია "ძენეფიტს"-ი პერსონალის მართვისთვის განკუთვნილი ინოვაციური "ღრუბლოვანი" პროგრამის მწარმოებელი კომპანიაა. "ძენეფიტს"-ის სოფთის დახმარებით HR-ის განყოფილებების თანამშრომლებს ელექტრონულად შეუძლიათ აწარმოონ ახალი თანამშრომლების, მათი ხელფასების, დაზღვევის და სხვა საქმის აღრიცხვა ისე, რომ ამ ბაზებთან წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეთ.

Thumbtack

ინვესტორების შეფასება: არ ხმაურდება

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 700 მილიონი დოლარი

"სილიკონის ველზე" Thumbtack-ს ყველაზე მასშტაბურ სტარტაპს უწოდებენ, რომლის შესახებ არასდროს გსმენიათ. ეს არის ერთგვარი ონლაინ მაღაზია, რომლის ნებისმიერ მომხმარებელს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში ოპერატიულად შეუძლია შეარჩიოს "ფრილანსი" თანამშრომელი. Thumbtack-ის ბაზაში მოხვედრილი სპეციალისტების დიაპაზონი კი მაქსიმალურად დიდია - დაწყებული ფოტოსესიით და იოგას მეცადინეობებით, დამთავრებული ავეჯის გადაზიდვითა და რემონტით. 2009 წელს დაარსებული კომპანია დღეს აშშ-ის 50 შტატში მუშაობს და 75 ათასი პროფესიონალის მომსახურებას ყიდის. მიმდინარე წელს პროექტმა 130 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

Uber

ინვესტორების შეფასება: 40 მილიარდი დოლარი

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 21,8 მილიარდი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ხუთი წლის წინ დაარსდა და დღემდე არ არის საქვეყნოდ ცნობილი, რამდენიმე წელია ტაქსის გამოძახების ეს სერვისი დიდ ბიზნესად იქცა, რომელმაც მხოლოდ 2014 წელს ინვესტორებისგან 2 მილიარდი დოლარი მიიზიდა. პორტალ Vallgeymag-ის შეფასებით, პროექტის ყოველკვირეული შემოსავალი 20 მილიონ დოლარს აჭარბებს. Uber-ი მსოფლიოს გარშემო 55 ათას მძღოლს აერთიანებს, კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ტრევის კალანიკი კი "ფორბსის" მილიარდერთა რეიტინგებში მოხვდა.

thousand Eyes

ინვესტორების შეფასება: 80 მილიონი დოლარი

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 67 მილიონი დოლარი

Uber-ისა და Airbnb-ისგან განსხვავებით, thousand Eyes ნამდვილი " სტარტაპია" - ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიზნესს საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა, მიმდინარე წელს კი სერვისის ვარსკვლავური საათი დადგა და ინვესტორების შეფასება ოთხჯერ გაიზარდა. thousand Eyes ღრუბლოვანი პლატფორმაა - ITმონიტორინგისთვის და მასობრივი მონაცემების ანალიტიკოსებისთვის.

Cloudera

ინვესტორების შეფასება: 4 მილიარდი დოლარი

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 3,5 მილიარდი დოლარი

Cloudera - Hadoop-ის კორპორატიული კლიენტების თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანიაა. კომპანია 2008 წელს შეიქმნა.

NJOY

ინვესტორების შეფასება: არ ხმაურდება

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 1,1 მილიარდი დოლარი

ელექტრონული სიგარეტების მწარმოებელმა კომპანიამ, რომლის წილიც ამერიკის ბაზარზე 30%-ს აჭარბებს, ინვესტიციების მესამე რაუნდი ცნობილი ფონდებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით დაასრულა. NJOY-ის ინვესტორებს შორის არიან "ფეისბუქის" ყოფილი პრეზიდენტი შონ პარკერი და მილიარდერი პიტერი ტილი.

Lyft

ინვესტორების შეფასება: არ ხმაურდება

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 710 მილიონი

აპრილში კომპანიამ ინვესტიციების მორიგი რაუნდი 250 მილიონი დოლარის ოდენობით დახურა. ექსპერტთა შეფასებით, ტაქსის ონლაინ გამოძახების ეს სერვისი უფრო ინტენსიურად ვითარდება, ვიდრე მისი ცნობილი კონკურენტი Uber-ი. კომპანია 2013 წელს სან-ფრანცისკოში დაარსდა და ერთ წელიწადში აშშ-ის 30-ზე მეტ შტატში მუშაობდა.

Pure storage

ინვესტორების შეფასება: 4 მილიარდი დოლარი

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 2,4 მილიარდი დოლარი

თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მონაცემთა შენახვა და შემუშავებაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს კომპანია, რომელმაც წელს ინვესტორებისგან ნახევარი მილიარდი დოლარი მიიზიდა.

the Honest Company

ინვესტორების შეფასება: 1 მილიარდ დოლარზე მეტი

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 750 მილიონი დოლარი

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯესიკა ალბამ 2011 წელს, ბავშვთა ჰიგიენისა და კოსმეტიკის ეკოლოგიური და არატოქსიკური საშუალებების მწარმოებელი საკუთარი კომპანია დააარსა. მას შემდეგ, მსახიობის კომპანიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ ახალგაზრდა დედებში, არამედ ინვესტორებშიც. კომპანიამ უკვე მიიზიდა 120 მილიონი დოლარის ფინანსები.

Handy

ინვესტორების შეფასება: 100 მილიონ დოლარზე მეტი

წლის განმავლობაში ღირებულების ზრდა: 57 მილიონი დოლარი

ეს არის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია ოპერატიულად დაიქირავოს სპეციალისტი სახლში შესასრულებელი ნებისმიერი საქმისთვის. წლის განმავლობაში სერვისის შეფასება ინვესტორების მხრიდან ორჯერ გაიზარდა.

მარი ჯავახიშვილი