ლიკანში რიქსოსის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოს ბორჯომი" გახსნა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია. "კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა ბორჯომში, კერძოდ ლიკანში, ლიკანი ყოველთვის განთქმული იყო, როგორც ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ქართულ-ყაზახური ინვესტიცია. ეს პროექტი შეჩერებული იყო, როდესაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა საპარტნიორო ფონდში. ეს პროექტი განახორციელა საპარტნიორო ფონდმა ყაზახურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ სულ რაღაც ერთ წელიწადში შევძელით ამ ახალი სასტუმროს გახსნა, ეს არის სრულყოფილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მე ვიცი, რომ უკვე არის დაჯავშნილი მთელი სასტუმრო, ყველა ნომერი, ვინაიდან, ლიკანი ყოველთვის იყო განთქმული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი სასტუმრო მნიშვნელოვანი შენაძენია ამ რეგიონისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის გამოცოცხლებას."სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებული იყო 600 ადამიანი. ახალ სასტუმროში 200-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ეს პროექტი 40 მილიონზე მეტი დაჯდა და რაც მთავარია, შემოვიდა ცნობილი ბრენდი საქართველოში "რიქსოსი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმროს გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე.